logo_geo
ინდური კინოს ორი ლეგენდა – რაჯიდან რიშიმდე
- +

13 აპრილი. 2017. 13:46

 

 

მამამ საბჭოთა საქართველოში იმოგზაურა, შვილმა - თავისუფალ საქართველოში. მამის დროს ღრმად სწამდათ ხალხთა შორის უანგარო მეგობრობის, შვილის დროს - ტურიზმის განვითარებისა და პიარის, მამის დროს აუცილებელი იყო სტალინის სახლ-მუზეუმში ბელადის წინაშე ქედის მოხრა, შვილი ილია მეორეს შეხვდა და ქუჩაში სპეცსამსახურების დახმარების გარეშე გადაადგილდებოდა.


ინდური კინოს ორმა ლეგენდამ ორი რადიკალურად განსხვავებული საქართველო ნახა, იგივე დარჩა მხოლოდ ინდური კინოსა და საყვარელი მსახიობებისა თუ რეჟისორების მიმართ დამოკიდებულება. ეს უკვე კლასიკაა.


ინდური კინოს ლეგენდამ რაჯ კაპურმა საქართველოში მეოცე საუკუნის 50-იან წლებში იმოგზაურა, ახლახან კი მისი შვილი, ასევე, კინოს ლეგენდა რიში კაპური ჩამოვიდა. როგორც ითქვა, ბოლივუდი საქართველოში ფილმის გადაღებას აპირებს. ლეგენდარულ მსახიობსა და რეჟისორს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა და უცხოელ ხელოვანს საკუთარი საგალობლები აჩუქა, პატრიარქმა უცხოელ სტუმარს მისი მუსიკის საკუთარ ფილმში გამოყენების კურთხევაც მისცა.


პროექტის ავტორი დავით ბეჟიტაშვილია. მისი განმარტებით, მას სურდა, რიშის მამის მოგზაურობის მარშრუტი გაემეორებინა, თითქმის გაიმეორა კიდეც. კაპური უმცროსი სტალინის სახლ-მუზეუმში არ იმყოფებოდა. მთაწმინდაზე მას ისეთივე ფოტო გადაუღეს, როგორიც მამამ გადაიღო 60 წლის წინათ. ეს ჩანაფიქრი ინდურმა მედიამ ფართოდ აიტაცა.


ინდური კინო საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო, მაშინაც და ახლაც. მაშინაც და ახლაც კინოლეგენდებისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ფილმები უცხოურ ფილმებს შორის ათეულში შედიოდა, შემოსავლების მიხედვით. მაშინაც და ახლაც ჯერ მამას და შემდეგ შვილს დიდი სიყვარულით შეხვდნენ.


როცა რაჯ კაპურმა საქართველოში იმოგზაურა, მისი შვილი ხუთი წლის იყო, საბჭოთა მაყურებელმა ის ფილმ „ბობიდან" გაიცნო, მაშინ რიში 21 წლის გახლდათ.


დავით ბეჟიტაშვილის განმარტებით, რიშთან შეხვედრის შემდეგ კინოს ლეგენდა საქართველოში მოგზაურობას ინტერესით დასთანხმდა.



ეს მოლაპარაკებები რთული ნამდვილად არ იყო, მე ფართო კავშირები მაქვს ინდოეთთან და ბოლივუდთან. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ზიტას და გიტას როლის შემსრულებელი ჰემა მალინიც იმყოფებოდა და აქედან ძალიან კმაყოფილი და დიდი შთაბეჭდილებით წავიდა, როცა გენდობიან და გიცნობენ, ასეთი პროექტების განხორციელებაც იოლი ხდება...

პირადად ჩემი კომერციული ინტერესი ნამდვილად არ დევს, აქედან მე არავითარ დივიდენდს არ ვიღებ. ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს პოპულარიზაციაა. რიში, რა თქმა უნდა, საქართველოს პოპულარიზაციას გაუწევს და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობით ბევრი დაინტერესდება", - განმარტავს ბეჟიტაშვილი,


მისივე თქმით, პროექტის განხორციელებაში მას პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია დაეხმარა.


დიახ, ძალიან დამეხმარა, დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ისევე, როგორც დავით ოქიტაშვილს. ჩვენ ერთად ვიყავით სარაჯიშვილის ქარხანაში და დათომ რიში კაპურის სახელობითი კონიაკი ჩამოასხმევინა... ეს დიდი და შთაბეჭდილებებით სავსე ისტორიაა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბარში დავით ბეჟიტაშვილი.


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი