logo_geo
ანიკო ცეცხლაძე: მიკვირს, ხაზს რომ უსვამენ, ძალიან მიყვარს ჩემი შვილებიო
- +

9 მარტი. 2021. 21:12

 

 

 

ბათუმის თეატრის მსახიობი ანიკო ცეცხლაძე სერიალ „თესეაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო და ძალიან კარგად გაგრძელდა, რის შესახებაც ანიკო ,,თბილისელებს" უყვება.

 

ანიკო ცეცხლაძე: სერიალის ქასთინგმენეჯერი – ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა. მაშინ ბათუმში ვიყავი და პოლონელებთან ერთად ვმუშაობდით. ქასთინგები არ მიყვარდა და როცა მასში მონაწილეობის მისაღებად დამირეკეს, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც, რომ თბილისში არ ვიყავი. ეს სერიალი ჩემთვის კამერასთან მუშაობის პირველი გამოცდილებაა და ძალიან მოვიხიბლე. ამიტომ, ამის შემდეგ აღარ ვიტყვი, ქასთინგები არ მიყვარს-მეთქი (იცინის). დისტანციურად ვიდეოს გადაღება და გაგზავნა კიდევ სხვა ამბავია, ამიტომ ბათუმშივე გადავიღე და გავუგზავნე სერიალის გუნდს. როგორც ჩანს, მოეწონათ და მითხრეს: როდესაც თბილისში იქნებით, იქნებ, გამოგვიაროთო. მოკლედ, რომ ჩამოვედი, მაინც მომიწია მისვლა (იცინის). თმა მქონდა მოკლედ, წითლად შეღებილი და პერსონაჟისთვის შეუფერებელად გამოვიყურებოდი. რაღაცების შეცვლა მთხოვეს, მაგრამ იქიდან წამოსულს, რატომღაც, მაინც არ მეგონა, რომ დამირეკავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ როცა სცენარს გადავხედე, ამ პერსონაჟთან სიახლოვე ვიგრძენი. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ დამამტკიცეს.

 

– გგავთ ნინიკო?

 

- ვფიქრობ, რომ ჩემსა და ნინიკოს შორის არის მსგავსება. აბსოლუტურად განსხვავებულებიც ვართ, ჩემი სოციალური ყოფა შეიძლება, სხვანაირია და შესაბამისად, მეც. არ ვიცი, როგორი ვიქნებოდი მის მოცემულობაში, მაგრამ ჩემთვის ამ პერსონაჟის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ ის, რაც, შესაძლოა, ვინმეს უარყოფითად მიაჩნია, მე, უბრალოდ, კარგი კუთხით დამენახა. მაგალითად, თუ ამბობენ, რომ ნინიკო არის დაჩაგრული, მე მინდოდა, დაჩაგრული კი არა, ძალიან მომთმენი ვყოფილიყავი. არც იმას ვფიქრობ, რომ მშიშარაა, მგონია, რომ ფრთხილია. ამგვარი მიდგომით, მეტი საერთო ჩნდება ჩვენს შორის და მუშაობის პროცესი უფრო სასიამოვნო და აზრიანია.

 

– ანის ცხოვრებაში როგორ დაიწყო ყველაფერი?

 

– თეატრალურში გვიან ჩავაბარე, ოცი წლის ასაკში. იქამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მთარგმნელ-რეფერეტი ვიყავი. მეორე კურსზე დავრწმუნდი, რომ იქ ვიყავი, სადაც ჩემი ადგილი არ იყო. მივედი სახლში და ვთქვი, რომ თეატრალურში უნდა ჩამებარებინა. მშობლებმაც მხარი დამიჭირეს. ჩავაბარე და მესამე კურსზე უკვე პირველ შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, მეოთხე კურსზე მეორე ბავშვს ველოდი და რომ დავასრულე – მესამეს (იცინის). მოკლედ, ვიფიქრე, რომ ოჯახი იყო ჩემი საქმე. იმ პერიოდში ჩემი მეუღლე ბათუმში მუშაობდა და მთელი ოჯახი იქ გადავედით საცხოვრებლად. ერთი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიაში არაფერი გამიკეთებია. მერე ვიფიქრე, ბარემ აქ ვარ და ბათუმის თეატრს ხომ არ მივაკითხო-მეთქი?! (იცინის) მივაკითხე და მიმიღეს. დავიწყე მუშაობა და გამოვიდა, რომ სადღაც გადადებულ საქმეს თავიდან შევუდექი. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემმა მეუღლემ თბილისში დაიწყო სამსახური და ისევ აქ გადმოვედით საცხოვრებლად.

 

– სამ შვილთან ერთად უცხო გარემოში და პლუს თეატრი, არ გაგიჭირდათ?

 

– ადვილი არ იყო, პატარები ძიძასთან მყავდა. გადავედი თუ არა, პატარები ბაღში დავტოვე და ვიცოდი, რომ რაც უნდა ყოფილიყო, საღამომდე არ უნდა გამომეყვანა (იცინის). უცხო ქალაქი იყო, მაგრამ ზღვისპირას ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ამას თეატრიც რომ დაემატა, თითქოს ჯადოსნური სამყარო შეიქმნა ჩემ გარშემო და საოცნებო გარემოში მოვხვდი.

 

– რამხელები არიან თქვენი შვილები და როგორ გამოგდით სამი შვილის დედობა?

 

– უფროსი გოგონა 12-ისაა, შუათანა ბიჭი – 11-ის და პატარა 10-ის ხდება. ამ თემაზე საუბარი ყოველთვის მიჭირს, უკმაყოფილების განცდა მაქვს. არ ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ. ჩვეულებრივი ვარ, ხან ცუდი და ხან კარგი. ალბათ, ყოველთვის შეიძლება, უკეთესი იყო. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მათ ვუსმენ, მაგრამ სამწუხაროდ, არის პერიოდები, როცა შვილებს თითქოს უსმენ, მაგრამ მათი არ გესმის. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როცა მე და ჩემს შვილებს კარგად გვესმის ერთმანეთის და ემოციებს ვცვლით. როცა ეს ასე არაა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაწუხებს, თითქოს, რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ. სულ მეტს და მეტს ვთხოვ საკუთარ თავს და ხან გამოდის, ხან – არა.

 

– ბავშვების საზრუნავზე გადართულს, არ გაგიჭირდათ თეატრს დაბრუნებოდით და მიღებული ცოდნის მობილიზება მოგეხდინათ?

 

– ეგ ყველაფერი მალევე აღვიდგინე. რაც შეეხება სამი შვილის დედობას, არ ვიცი რამდენად დადებითად შეიძლება, ჩავთვალო, მაგრამ სამი შვილი მეყოლება თუ ათი, რა თქმა უნდა, თავს დედად ვგრძნობ, მაგრამ ისე არასდროს ვწყდები სხვა რამეს და იმდენად არასდროს იდგამს ფეხს ჩემში მეოჯახეობა, რომ მხოლოდ ამაზე ვიფიქრო. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცუდია ან კარგი – არ ვიცი, ბავშვურობა ჰქვია თუ მიამიტობა, მაგრამ ამას არ ვკარგავ. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს ქმარს ოთხი შვილი ჰყავს-მეთქი და მეოთხე მე ვარ (იცინის). „ჩამოყალიბებული“ და „ჭკუადამჯდარი“ არაფერში ვარ. დედა ვარ, მაგრამ მეოცნებე და ბავშვური შტრიხები ისევ არის ჩემში, ამას ვგრძნობ და მეხმარება. ამიტომ, როგორც არ უნდა ჩავეფლო დედის საზრუნავში, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერს ვივიწყებ.

 

– ქალები რომ ამბობენ ხოლმე: შვილის გარდა, სხვა საფიქრალი აღარ მაქვსო, ეს მომენტი არ გაქვთ?

 

– ჩემს შემთხვევაში არ არის ასე. ბევრისგან გამიგია, არავინ აღარ მახსოვს შვილების გარდაო. ჩემთვის ჩემი ქმარი ყოველთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო და დღესაც ასეა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილები ვინმეზე ნაკლებად მიყვარს ან რამეს ვაკლებ. თუმცა, ხაზს რომ უსვამენ, ძალიან მიყვარს ჩემი შვილებიო, ესეც მიკვირს. რომ არ გიყვარდეს, ეს იქნებოდა უცნაური, მაგრამ რომ გიყვარს, ეს იმდენად ჩვეულებრივია, ხაზგასმაც არ უნდა. მე ასე მგონია.

 

– მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

 

– ცხრა წლის ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. თვითონ 11-ის იყო. ღრმა ბავშვობის მეგობრები ვართ და რაც მთავარია, 10 წლის ასაკში ჩემი პირველი შეყვარებული მისი ძმა იყო. პარალელურად, ჩემს მომავალ მეუღლეს ვუყვარდი (იცინის). 17-18 წლისამ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მხრიდანაც რაღაც სხვა ხდებოდა. სამი-ოთხი წელი ვიყავით შეყვარებულები და მერე დავქორწინდით. ჩემს ცხოვრებაში თუკი რამე ხდება, ყველაფერი მისი დამსახურებაა. მეუღლე ჩემი მამოძრავებელი ძალაა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი