logo_geo
ალმა მაქაძე: მხოლოდ ერთი რამის მეშინია, ძალიან ვნერვიულობ, ვაითუ ვერასოდეს ჩავიდე ჩემს საყვარელ სამშობლოში...
- +

13 მარტი. 2021. 18:52

 

 

"ამაყი ვარ, ჩემი ქართველობა ყველგან პირნათლად ვატარე და მადლობა უფალს, რომ ქართველად დავიბადე"

 

მასზე ამბობენ, რომ თავის დროზე ამერიკაში ჩასული ემიგრანტების ბურჯი იყო. როცა შეეძლო, ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მხოლოდ გასაჭირში კი არა, ლხინის დროსაც საოცრად მხარში მდგომი ადამიანია. არ არსებობს გაიგოს, ამერიკაში რაიმე ქართული ღონისძიება იმართება და არ დაესწროსო. როცა ქალბატონ ალმა (ჩიორა) მაქაძეს ვესაუბრე, მივხვდი, რომ სიკეთის კეთება თავად სიამოვნებს, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია. ოპტიმისტი და ამავდროულად, საოცრად პატრიოტი ადამიანია. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ახლა ვერ ახერხებს ყველას ძველებურად დაეხმაროს და ამას ძალიან განიცდის. ტკივილით კი ყველაზე მეტად, სამშობლოდან შორს ყოფნა სტკივა...

 

ის არა მარტო ემიგრანტებს ედგა მხარში, არამედ საქართველოში მყოფ ბევრ ადამიანს დაეხმარა. ქველმოქმედება მისთვის თითქოს, ცხოვრების სტილად იქცა და არა მარტო ადამიანებს ეხმარებოდა, არამედ უპატრონო ცხოველებზეც ზრუნავდა ამერიკიდან. ქველმოქმედებისთვის თანხას არასდროს იშურებდა...

 

 

- 1963 წლის 21 აპრილს დავიბადე, ქალაქ ქუთაისში, მაგრამ ვიზრდებოდი და ვსწავლობდი თბილისში. ხან ერთ ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი, ხან მეორესთან, მაგრამ უფრო ხშირად, დედულეთში გახლდით. პირველი შვილიშვილი ვიყავი ბებია-ბაბუებისთვის და რა თქმა უნდა, ყველასგან გათამამებულიც. მიუხედავად ამისა, ყოველთვის დამჯერი, ყურადღებიანი, ბეჯითი, გულახდილი გახლდით, არ ვცელქობდი. რაღაცებს ვაშავებდი, მაგრამ იშვიათად. ერთადერთი, ცნობისმოყვარე, ცოტა ბუტია და ჯიუტიც ვიყავი... მახსოვს, სკოლაში პირველ დღეს მამამ წამიყვანა. გრძელი, ხშირი თმა მქონდა და ბაფთა მეკეთა. თეთრ მაისურს უხდებოდა ნეილონის ქსოვილისგან შეკერილი შავი "გაფხორილი" ქვედაბოლო. მამა შემომხედავდა და ეცინებოდა, რადგან იმ დღეს ქარი იყო, რომელიც ჩემს კაბას "ერჩოდა", ქსოვილი იკეცებოდა, ტანზე მეკვროდა, მე კი ვჩერდებოდი და ვისწორებდი, მინდოდა "გაფხორილი" ყოფილიყო. მიმაცილა მამამ - რობინზონ მაქაძემ სკოლაში და მე მისით ამაყი გახლდით. ის მილიციელი იყო, დედა, ელმირა (ნანი) ჩუბინიძე - პედაგოგი, დაწყებით კლასებში მუშაობდა და შემდეგ ფილოლოგიურიც დაამთავრა. 35 წელიწადზე მეტხანს იმუშავა სასწავლო ნაწილად. უფლის წყალობით, დედა მაისში 79 წლის გახდება, მამა კი სამწუხაროდ, გარდაცვლილია.

 

მამის მშობლებს თეთრი ცხენი ჰყავდათ, რომელიც ძალიან მიყვარდა, მასზე რომ შემსვამდნენ, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. არ მახსოვს, მერე გააჩუქეს თუ რა მოხდა, მაგრამ ძალიან დამწყდა ამის გამო გული. სხვათა შორის, მერე სადაც დავინახავდი მსგავს თეთრ ცხენს, ყველა ჩემი ქურდა (ასე ეძახდნენ) მეგონა.

 

- ამბობენ, რომ ახალჩასულ ემიგრანტებს ჰპატრონობდით...

- თუ საშუალება მქონდა, სხვები გამეხარებინა, მათ რაიმეთი დავხმარებოდი, რატომ არ უნდა გამეკეთებინა, მით უმეტეს, ამით ხომ მეც ვძლიერდებოდი?!. რა თქმა უნდა, არ არსებობს, ემიგრაციაში მყოფს სისუსტემ არ გაგკრას მუჯლუგუნი, მაგრამ მალე უნდა აიყვანო თავი ხელში, სისუსტემ ვერ უნდა დაგჩაგროს.

 

- სამშობლოს ნოსტალგიას ბევრი ვერ უძლებს...

 

- ნოსტალგია ძალიან დიდია ოჯახის მიმართ, თვით სამშობლოს მიმართ. დღე არ გავიდოდა, ჩემს ფიქრებში არ "შევხვედროდი" ნაცნობ-მეგობრებს და მათთან ერთად არ "მესეირნა" ნაცნობ ქუჩებში, ფიქრებშიც კი ვესაუბრებოდი მათ... მერე გამეღიმებოდა, - ვაიმე, რას ვსულელობ-მეთქი. მაგრამ გავიდოდა რამდენიმე დღე და ისევ იგივე მეორდებოდა. ოცნებებში ყველა ახლობელს ვხვდებოდი. ვცდილობდი, ამერიკის ესა თუ ის ქალაქი საქართველოს რომელიმე კუთხისთვის მიმემსგავსებინა. მერწმუნეთ, საქართველოში ჰაერი და სურნელიც კი სხვანაირია. იქ ხილსაც და ბოსტნეულსაც სულ სხვა სუნი და გემო აქვს. შეიძლება ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი და ალბათ ამიტომ ვფიქრობ ასე, არ ვიცი...

 

ერთხელ კაფეში ვიშოვე სამუშაო, ალბანელებთან, მაგრამ ერთ თვეში წამოვედი. ერთმა პიროვნებამ ჩემთან უხეშობა სცადა. რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხი გავეცი, მაგრამ იცით, ერთმა უცხოელმა მზარეულმა როგორ დამიცვა? ხმაურზე გამოვიდა და უთხრა: ფრთხილად იყავით! მე ამათ ქვეყანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ვიცი, ვინ არიან. ისინი ქალებს დიდ პატივს სცემენ. ქართველი ქალები შეუპოვრები, ხოლო მამაკაცები, ძალიან ვაჟკაცურები არიან და ისინი ქალს არავის დააჩაგვრინებენ. ნუ გგონია, რომ ეს მარტოა აქ. იცოდე, ქართველები არ გაპატიებენ უხეშობას, ერთმანეთის დაცვა კარგად იციანო. ძალიან გამახარა მისმა სიტყვებმა. მე იქ აღარ გავჩერებულვარ, მაგრამ მესიამოვნა, ქართველებზე ასეთი კარგი შთაბეჭდილების რომ იყო მზარეული...

 

12 ივნისს 23 წელი გახდება, რაც ამერიკაში ვარ და ამ წლების მანძილზე, სადაც კი ფეხი შევდგი და გავიარე, სულ იმას ვცდილობდი, ქართველის სახელი არ შემებღალა. არ მინდოდა, ვინმესთვის თავში ჩემ გამო წამოერტყათ. ამაყი ვარ, ჩემი ქართველობა ყველგან პირნათლად ვატარე და მადლობა უფალს, რომ ქართველად დავიბადე.

 

- ამერიკაში ჩასულს, ალბათ ბარიერების გადალახვაც მოგიხდა...

 

- რა თქმა უნდა, ბევრი ბარიერის გადალახვა მომიხდა, იყო გაჭირვებისა და უმუშევრობის პერიოდიც, მაგრამ ასეთ დროს არ უნდა შედრკე; თუ არ შეგეშინდება და ყოჩაღად, მტკიცედ იქნები, აუცილებლად გაიკვალავ გზას, არ დაეცემი და რომც წაიფორხილო, წამოდგომა არ გაგიჭირდება. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო: ცრემლიც, გასაჭირიც, მაგრამ ყველაფერს მოვერიე.

 

- ამერიკაში ჩასვლა როგორ მოახერხეთ?

 

- საკონსულოში, საელჩოში საბუთები მივიტანე, გასაუბრება გავიარე. ალბათ, მედიცინის მუშაკი რომ ვიყავი, ამან მიშველა. წამოვედი, როგორც ტურისტი. სხვათა შორის, თავიდან დედაც წამოვიდა. სამი თუ ოთხი თვე გაჩერდა და რომ მივხვდი, ვეღარ ძლებდა, ვთხოვე წასულიყო. წადი და შვილიშვილებს მიხედე-მეთქი, - ვუთხარი. მაშინ ახალგაზრდა იყო. დავრჩი მე და საკუთარ თავზე ავიღე იმ პრობლემების მოგვარება, რომელმაც ჩემთვის ერთ დროს უცხო ქვეყანაში ჩამომიყვანა...

 

- პროფესიით ვინ ხართ?

 

- საოპერაციო და (საოპერაციო ექთანი) ვიყავი. არ ვტრაბახობ, მაგრამ პროფესიონალი გახლდით. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და უგამოცდოდ მოვეწყვე სამედიცინო ტექნიკუმში, რომელიც ასევე წარჩინებით დავამთავრე, შემდეგ მე-4 საავადმყოფოში მიმიღეს საოპერაციოში. ძალიან მომწონდა ჩემი საქმე. ხშირად ვესწრებოდი ოპერაციას, მაინტერესებდა და შემიყვარდა კიდეც ეს პროფესია. მერწმუნეთ, დიდ სიხარულს განიცდი, როცა დადებით შედეგს იღებ, როცა ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩება და შენ ამაში წვლილი მიგიძღვის. ასეთ დროს გინდა ხმამაღლა იყვირო: "ჩვენ გავიმარჯვეთ!"

 

ძალიან კარგი განყოფილების გამგეები (რემა ღვამიჩავა და ვახტანგ ჯოხაძე) მყავდა. გეგმური ოპერაციის წინ მაკითხებდნენ, რაღაცებს მიხსნიდნენ. მონდომებული ვიყავი, სიტუაციის უცბად აღქმაც შემეძლო და ამ საქმეშიც გამოვიბრძმედე. ზოგიერთი ახალდამთავრებული ექიმიც მეკითხებოდა რჩევას, ახალბედა ექთანებსაც ვასწავლიდი, ჩემი უფროსი ექთანი, აწ განსვენებული რუსუდან სვარიძე მომაბარებდა ხოლმე რომელიმეს. ხშირად სიამოვნებით, სიამაყით, ზოგჯერ სევდით ვიხსენებ იმ დღეებს. პროფესორმა და შემდეგ უკვე აკადემიკოსმა, ბატონმა გურამ ტატიშვილმა გახსნა კომერციული ინსტიტუტი "მომავლის ექიმი", სადაც მეც ჩამრიცხა, მაგრამ იმედები ვერ გავუმართლე ვერც მას და ვერც ჩემს ოჯახს, რასაც ძალიან ვნანობ, ბოდიშს ვუხდი ყველას: ინსტიტუტს ვამთავრებდი, როცა ამერიკაში წამოვედი.

 

- რატომ დაადექით ემიგრაციის მძიმე გზას? მით უმეტეს, პროფესიული წინსვლის შანსი გქონდათ...

 

- მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მსურდა. თან არ ვფიქრობდი აქ დიდხანს გაჩერებას. თუმცა, რადგანაც საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია არა და არ გაუმჯობესდა, თან ჩემი ძმისშვილები იზრდებოდნენ და მინდოდა მათთვის შემეწყო ხელი, შემოვრჩი... ამას ისიც დაერთო, რომ უფროსი ძმისშვილი - მარეხი (მარიამი) დიაბეტით დაავადდა და მინდოდა, მისთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა...

 

- მას მერე, რაც ემიგრანტი გახდით, საქართველოში ჩამოსვლა თუ მოახერხეთ?

 

- კი, ორჯერ ვიყავი საქართველოში. ძალიან მინდა ახლაც ჩასვლა, მაგრამ ვმკურნალობ, ყოველთვე ძვირად ღირებული ნემსები მიკეთდება, თან წამალი ტაბლეტის სახით ყოველთვე უნდა შევუკვეთო. თვეში ერთხელ სისხლის ანალიზი, გამოკვლევები მიტარდება და ეს ყველაფერი - უფასოდ მაქვს, რასაც საქართველოში სამწუხაროდ, არავინ დამიფინანსებს. იცით, მხოლოდ ერთი რამის მეშინია; ძალიან ვნერვიულობ, ვაითუ ვერასოდეს ჩავიდე ჩემს საყვარელ სამშობლოში...

 

- თქვენ აუცილებლად გამოკეთდებით და დაბრუნდებით... ინსულტი რის ნიადაგზე დაგემართათ?

 

- დიდი მადლობა, მაგრამ მე მთელი ცხოვრება უნდა ვიმკურნალო, ასე რომ... იცით, ემიგრანტობა დიდი სტრესია, თან 10 წელი, მე-3 სტადიის სიმსივნეს ვებრძოდი. მეგონა დავამარცხე, მაგრამ მოულოდნელად დაადგინეს, რომ მეტასტაზები გაიფანტა და დაავადება მე-4 სტადიაში გადავიდა. ვცდილობდი, ჩემ გამო არავის ენერვიულა, ყველას ვამშვიდებდი და ეტყობა, შინაგანი ღელვა, სტრესი გახდა ინსულტის ერთ-ერთი მიზეზი... ოპერაცია გამიკეთეს, სიმსივნის რაღაც ნაწილი ამოიღეს, რომელიც ნერვს აწვებოდა და საშინელ ტკივილებს იწვევდა. ოპერაციის მეორე დღეს ინსულტი მივიღე...

 

ახლა ძალიან განვიცდი, რომ უმცროს ძმისშვილებს ვერ ვუკეთებ იმას, რასაც იმსახურებენ...

 

- ბოდიში ამ კითხვისთვის, მაგრამ ალბათ, ახლა მუშაობას ვერ ახერხებთ. როგორ ცხოვრობთ მანდ? გასაგებია, დაზღვევა გაქვთ, მაგრამ სხვა რაღაცებიც ხომ არის საჭირო არსებობისთვის? იმედია, ახლა თქვენც გიდგანან მხარში, როგორც თავის დროს ამას თავად აკეთებდით...

 

- კარგი კითხვაა... მთავრობიდან მაქვს მცირედი დახმარება, კვების თანხასაც მაძლევენ ყოველთვიურად, მაგრამ უფრო, აქაური მეგობრები მეხმარებიან. აქ ემიგრანტები ერთმანეთს სხვანაირად ვუდგავართ მხარში და მადლობა თითოეულს ამისთვის. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ეს დასაფასებელია. დღეს ჩემი მეგობრების წყალობით ვეხმარები ოჯახის წევრებსაც. ბედნიერი ვარ, განსაკუთრებული, გამორჩეული მეგობრები რომ მყავს, უფლისგან გამოგზავნილები არიან. ღმერთმა დამილოცოს თითოეული!

 

- ცოტა ხნის წინ ქართველმა ემიგრანტებმა ამერიკაში ღონისძიება მოაწყვეს და თქვენ ამ საღამოს დედოფლად გაღიარეს, გვირგვინიც დაგადგეს თავზე. ეს მოულოდნელი იყო თქვენთვის?

 

- ძალიან მოულოდნელი იყო, მე არც ბებიების კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა, არც რაიმე განსაკუთრებული გამიკეთებია... გიორგი კაკაურიძემ (ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ემიგრანტი. - ავტ.) კი მითხრა, ბევრის დედა, ბებია ხარო, მაგრამ მაინც გადაჭარბებულად მიმაჩნია ეს შეფასება.

 

სიმართლე გითხრათ, იმ საღამოს ცუდი შეგრძნებაც დამეუფლა. იცით, რატომ? მეგონა და წარმოვიდგინე, რომ მემშვიდობებოდნენ. ლამაზი იყო ყველაფერი და ყველანი ლამაზები, საყვარლები იყვნენ. უღრმესი მადლობა ქალბატონ მზია წულუკიძეს, ასევე ჟიურის წევრებს (ლევან შენგელიას, გიორგი კაკაურიძეს, ირაკლი შარაძეს) და ყველა მონაწილეს, ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობისთვის, დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, დაფასებისთვის.

 

- ქალბატონო ალმა, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

 

- ბებია ლუდმილა შალამბერიძე და ბაბუა - რამანა მაქაძე ძალიან მენატრებიან... ახლაც მახსოვს ბებოს თონეში გამომცხვარი პურის გემო, რომელსაც იქვე, ცხელ-ცხელს ყველთან ერთად მივირთმევდით... ძალიან მენატრება ბებია! ვერ ვაგრძნობინე ის სიყვარული, რასაც იმსახურებდა. ხშირად ვერ ვნახულობდი. 11-12 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა.

 

უკვე აღვნიშნე, რომ დედულეთში ვიყავი ხშირად. ბებია მეგრელი, ფოთელი ქალი იყო - ბარბალე კირცხალია. მეგრულ-იმერული სამზარეულოც მენატრება. კიდევ, ბებიას და ბაბუას - გრიგოლ ჩუბინიძის დანაოჭებული, ნაჯაფი ხელები მენატრება; ხილი როგორც კი დამწიფდებოდა, დილით სასთუმალთან მომირბენინებდნენ ხოლმე... ძალიან თბილი, კეთილი და საყვარელი მოხუცები მყავდა. დედის დედა 85 წლის გარდაიცვალა, მაშინ უკვე ამერიკაში ვიყავი და გული მწყდება, რომ ბოლო გზაზე ვერ გავაცილე...

 

მენატრება ძმები - გოჩა და დავითი, ძმისშვილები (მარეხი, გიორგი, დათუნა და ლილე). ძალიან მინდა მათი გულში ჩახუტება და მოფერება... კიდევ, ძალიან მენატრება საქართველო, ჩემი ოჯახი, მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები; ყველა და ყველაფერი...

 

- როცა საქართველოში იყავით, აქ რა დაგხვდათ შეცვლილი? იყო რამე ისეთი, რამაც მოლოდინი გაგიცრუათ ან პირიქით, მოულოდნელი სიხარული მოგგვარათ?

 

- ოოო, ძალიან ვიდარდე, რადგან ქუჩებში ადამიანების სახეებზე დარდი იკითხებოდა და არა ხალისი. ყოველ ნაბიჯზე ხელებგამოწვდილი მოხუცები და ბავშვები მხვდებოდნენ. დამიჯერეთ, საღამოს ჩემს ძმებს დავყავდი მანქანით, ვინმეს სანახავად, რადგან ვერ ვუძლებდი დატანჯული სახეების ყურებას, მით უმეტეს, რომ მათ შესაბამის დახმარებას ვერ გავუწევდი...

 

ბევრი შენობა აუგიათ, მაგრამ უმეტესობა გზებზეა "გადმოწეული". სიმწვანის ნაკლებობაა, მაგრამ ყველაზე მეტად, ქვეყანაში გამეფებულმა სიდუხჭირემ დამთრგუნა... ზოგი ისე არ შემხვდა, როგორც ველოდი...

მომეწონა ტურისტებისთვის საკურორტო ადგილები, სავაჭრო ქსელების, სამედიცინო და სხვა დაწესებულებების რაოდენობა, ხალხი შედარებით დასაქმებული იყო, რაც ძალიან კარგია.

 

- როცა ემიგრაციაში წახვედით, მაშინ ასე არ იგრძნობოდა გასაჭირი საქართველოში?

 

- მე რომ წამოვედი, იქ შუქი და გაზიც არ იყო, წყალიც განრიგით გვქონდა. მაშინ უფრო უჭირდათ, ახლა კი ოჯახი არ მეგულება, ემიგრანტისგან დახმარება რომ არ ჰქონდეს. მესიამოვნა, რომ გაჩახჩახებულია მთელი საქართველო.

 

- დაბოლოს, მიმართეთ იმ ადამიანებს, ვის სიყვარულსაც გულით ატარებთ...

 

- ყველას ვურჩევ, უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ ხალხთან; ისეირნონ, გაერთონ, დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები, ნუ ჩაიკეტებიან. უფრო მეტი დადებითი ემოციით დავმუხტოთ ერთმანეთი; ძლიერად, მყარად უნდა დავდგეთ ფეხზე, მთელი საქართველო ჩვენს იმედადაა. გაიხარეთ. დღეგრძელობა და უფლის წყალობა გქონოდეთ... მე რა უფლება მაქვს, ვინმეს რამე ვურჩიო, მაგრამ კარგი იქნება, თუ ერთმანეთის მოსმენას, შეცდომის აღიარებას, ბოდიშის გულით მოხდას ვისწავლით... უნდა ვიცოდეთ შრომის ფასი და ყველა პროფესია დავაფასოთ. საქმე გულით უნდა ვაკეთოთ. ვეცადოთ, ბოროტება არ ჩავიდინოთ, ბოღმა არ ჩავიდოთ გულში, განდიდებისა და გამდიდრებისკენ არ ვილტვოდეთ, თორემ დავიღუპებით, გადავშენდებით...

 

გვწამდეს უფალის, უფალი ხომ სიყვარულია, სიყვარული გაგვაერთიანებს და გაგვაძლიერებს! გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი! მიყვარხართ ჩემო ქართველებო და ყველა, ვისაც ქართველები უყვარს!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი