logo_geo
ბლიც ინტერვიუ ქეთა ლორთქიფანიძესთან
- +

20 მარტი. 2021. 00:01

 

 

სახელი: ქეთა.

 

გვარი: ლორთქიფანიძე.

 

პროფესია: მსახიობი.

 

მოგონება ბავშვობიდან...

 

– ულამაზესი, ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა. სოხუმი მახსოვს ძალიან კარგად, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით მე და ჩემი ძმა მშობლებთან ერთად, თეატრალური საზოგადოების დასასვენებელ სახლში და კინოთეატრში ვიპარებოდით ხოლმე ბავშვები. მახსოვს, ტროლეიბუსების პარკში მყავდა ბევრი ქუჩის ძაღლი, რომლებსაც თავად ვუვლიდი. ეზოში რომ ჩამომიგდებდა ბებია ნაყინის ფულს, ვაგროვებდი, სხვა ბავშვებიც მაძლევდნენ თავიანთი ნაყინის ფულს, მერე მივდიოდი ტროლეიბუსების პარკში და ტროლეიბუსების ტომრებში დარჩენილ ხურდებს ვიღებდი. საღამოს კი ჩემს საყვარელ ქუჩის ძაღლებთან დიდი ნობათი მიმქონდა, რაც უზომოდ მაბედნიერებდა.

 

მშობლების როლი...

 

– ყველაზე დიდი გავლენა, რამაც ჩემზე იქონია, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები იყვნენ. მამა რეჟისორი იყო, დედა – მსახიობი, მერე შეიცვალა პროფესია და პედაგოგიკაში გადავიდა. მამას რეპეტიციები ჩემთვის იმდენად მომნუსხველი იყო და იმ პროცესში მონაწილეობა იმდენად მინდოდა, რომ ალბათ, ამიტომ ავირჩიე მსახიობობა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ პროფესიის მიმართ ეს ინტერესი დავკარგე... გარდა თეატრისა, მან შემაყვარა ოპერა, რომელიც ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც მამა ოპერის წინ გარდაიცვალა, მას შემდეგ ოპერაში არ ვყოფილვარ...

 

ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

 

– ბევრი რამ და დღემდე სულ ძიებაში ვარ. მინდოდა, ვყოფილიყავი ცირკის დირექტორი, ვეტერინარი. თუკი რამე იყო ცხოველებთან დაკავშირებული, ყველაფერი მინდოდა ვყოფილიყავი. ასევე, მომწონდა ბალეტი და ვაბარებდი კიდეც საბალეტო სკოლაში. მერე ხატვამ გამიტაცა და სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ეს გადაწყვეტილება, ალბათ, იმიტომ მივიღე, რომ თეატრალურში ჩაბარებაზე მშობლებისგან წინააღმდეგობა მქონდა. მერე, როცა თავისუფლება ვიგრძენი, ისევ თეატრს დავუბრუნდი.

 

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს პროფესიაში...

 

– იმდენად გადავეშვი ჩემს პატარა ბიზნესში, რომ თეატრიდან წამოსვლასაც კი ვფიქრობ. ნელ-ნელა ვემშვიდობები სცენას. პირველად სცენაზე მამაჩემის სპექტაკლით დავდექი და ბოლო პრემიერა, რაც ვითამაშე, ჩემი შვილის იყო. ესეც ჩემთვის რაღაც სიმბოლურია. ბევრი დრო სჭირდება სარესტორნო საქმიანობას და მეც მინდა, ამ მხრივ განვვითარდე, თუმცა ხვალ და ზეგ ცხოვრება სად ამომაყოფინებს თავს, არ ვიცი.

 

წარმატებული ადამიანი არის...

 

– ბედნიერი ადამიანი არის წარმატებული. სხვაგვარი წარმატება ჩემთვის არ არსებობს.

 

ღმერთის ჩემეული აღქმა...

 

– ღმერთი ჩვენშია და ალბათ, იდეალიც ღმერთი უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ, ვიყოთ ისეთები, როგორებიც მას სურს.

 

მეშინია...

 

– ასაკთან ერთად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია და გამოცდილება გიგროვდება, შიშიც მატულობს. სიბერისა და სიკვდილის მეშინია-მეთქი, ამას ნამდვილად არ ვიტყვი. უფრო მეშინია იმის, რომ არასწორად ვიცხოვრებ და შეცდომას დავუშვებ. თუმცა, შეცდომა ყველა ადამიანმა უნდა დაუშვას, რადგან სხვისი შეცდომებით ვერ ვისწავლით. უფრო მეტიც, ვფიქრობ, შეცდომა, თუ მას სინანულიც ახლავს, ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. ჩემი შიში გამომდინარეობს იქიდან, რომ არ მინდა, ჩემმა შეცდომებმა ჩემს შვილებზე იმოქმედოს. ეს არის ყველაზე დიდი შიში და არა ის, რომ ჩემი საქციელით საკუთარ თავს დავუშავებ რაიმეს.

 

ცოდვაეს არის...

 

– საქციელი, რომელიც სხვას აზარალებს.

 

ვრისკავ...

 

– საკმაოდ მშიშარა ვარ, თუმცა სხვები მეუბნებიან, რომ ხშირად ვრისკავ. ყოველთვის ვცდილობ, რაღაცებს გავუწიო ანგარიში და ისე ვიმოქმედო, ხშირ შემთხვევაში ამ ანგარიშის გაწევით უფრო მეტ შეცდომას ვუშვებ. დიდი ხანი შემიძლია, რაღაც ვითმინო და იქამდე არ გადავდგა რადიკალური ნაბიჯი, სანამ ბოლო წერტილამდე არ მივალ.

 

ვერიდები...

 

– ხალხმრავალ ადგილებს. ასევე, ისეთ გარემოს, სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს და მე არავის ვიცნობ.

 

სიყვარულიეს არის...

 

– დაუსრულებელი რამაა, ისეთი, რომ ვერც ერთი სიტყვით და ვერც ერთი სასვენი ნიშნით ვერ დავასრულებ.

 

ის, რაც უპატიებელია...

 

– არ არსებობს ასეთი რამ. შეიძლება, ურთიერთობა არ გააგრძელო კონკრეტულ ადამიანთან, მაგრამ ვინ ვართ ჩვენ, რომ ვინმეს რამე არ ვაპატიოთ.

 

შემშურებია...

 

– არასოდეს. ეჭვიანობა და შური ჩემგან ძალიან შორს არის.

 

სამაგიეროს გადახდა...

 

– ყოველთვის ვცდილობ, სიკეთისა და მადლიერების სამაგიერო გადავიხადო. ვცდილობ, ცუდი ფიქრებით თავი არ დავიბერო, ჯერჯერობით გამომდის და მერე არ ვიცი, რა იქნება.

 

ბოდიშის მოხდა...

 

– არასოდეს მიჭირს.

 

მაკომპლექსებს...

 

– უამრავი რამ, კომპლექსების უზარმაზარი „თაიგული“ მაქვს, საიდან დავიწყო და დავამთავრო, არ ვიცი. უკომპელექსობა ყველაზე დიდი კომპლექსია და ამას ყველა აღიარებს. გამორიცხულია, იცხოვრო ადამიანმა და რამე კომპლექსი არ ჩამოგიყალიბდეს.

 

მაღიზიანებს...

 

– როცა ადამიანი არ ინტერესედება თავისი ქვეყნის მდგომარეობით. ჩვენ რომ წავალთ, რას ვტოვებთ, ეს საკითხი, რომ არ აწუხებთ, პოზიცია რომ არ გააჩნიათ, ასეთი ხალხი მაღიზიანებს.

 

მარტოობის განცდა...

 

– ხშირად მქონია. ვთვლი, რომ ადამიანი, ასე თუ ისე, მაინც მარტო ხარ. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ყველაზე მართალი კი მაშინ ხარ.

 

დღევანდელ საზოგადოებაში მაკლია...

 

– დღევანდელობით არ უნდა ვიმსჯელოთ, რადგან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩავიკეტეთ და ჩემი შეხედულება შეიძლება, მცდარი იყოს. ეს ჩაკეტილობა ადამიანებს უკვე ფსიქოზში გადაუვიდათ. ისეთი გავლენა და ფონია, ძნელია, იყო მშვიდი და გაწონასწორებული.

 

ვიტყუები, როცა..

 

– სცენაზე ყველა ვიტყუებით. ჩვენ თვითონ იმდენად გვჯერა ამ ტყუილის, რომ მაყურებელსაც ვატყუებთ. თუმცა, ყველაზე მეტად ჩვენ თვითონ ვტყუვდებით. ეს არის ამ პროფესიის ხიბლი.

 

ვნანობ...

 

– ჩემს სიზარმაცეს. ვთვლი, რომ ბევრი რამ დამეზარა, ბევრი რამ უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე. ვამბობ ხოლმე, შემეშინდა და იმიტომ არ გავაკეთე-მეთქი, მაგრამ ამით უფრო თავს ვიმართლებ. უზომოდ ზარმაცი ვარ (იცინის) ან შეიძლება, ზედმეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.

 

რთული პერიოდი...

 

– ცხოვრებაში ბევრი რთული პერიდოი გავიარე. გაჭირვებაში გავზარდე პირველი შვილი. 90-იანი წლები იყო: ნავთქურები, უფულობა, უშუქობა, რას ვჭამდით და ვსვამდით, ისიც არ ვიცი. ამის გახსენებაც კი ძალიან მიჭირს. რძის ფხვნილის რიგში მთელი დღე ვიდექით ხოლმე. რთული იყო ეს, მაგრამ რთულ პერიოდად არ ვთვლი. ყველაზე რთული ჩემთვის იყო, როცა მამა წავიდა...

 

ვაგროვებ...

 

– ქუჩაში „გადაყრილ“ ძაღლებს, მართლა მანიაში გადამივიდა უკვე. პანდემიის დროს კიდევ ორი ძაღლი ავიყვანეთ ქუჩიდან. ჯამში ოთხი ძაღლი და სამი კატა მყავს.

 

თავისუფლება არის...

 

– სიმშვიდე. როცა იცი, რომ შენ გამო არავინ ტირის. როცა იცი, რომ შენს სურვილებში ხარ ლაღი, რადგან ამით არავის აზარალებ. თავისუფლებაა, როცა ძლიერი ხარ სიყვარულით და როცა გწამს. თავისუფლება ახლა სხვანაირადაა აღქმული. ახალგაზრდებს მინდა, ვურჩიო, თავისუფლება რომ გვქონდეს, განათლებას უნდა მივხედოთ, რადგან არჩევნის გაკეთება შევძლოთ. არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია, თავად უნდა აირჩიოთ თავისუფლად და ლაღად, რა გინდათ და ვინ გინდათ, იყოთ ცხოვრებაში.

 

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

 

– ალბათ, დედა რომ გავხდი. მაშინ 19 წლის ვიყავი და ამ მოვლენამ ყველაზე მეტად შემცვალა, დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. მანამდე საკმაოდ უცნაური და ცვალებადი ხასიათი მქონდა, ბოლომდე არასოდეს ვიცოდი, რა მინდოდა. დედობამ გამომიმუშავა პასუხისმგებლობის უნარი, რის გამოც რაღაც საქმეები ბოლომდე მიმყავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი