logo_geo
ვალია ვანიშვილი: მთელი ღამე ვიტირე, ახლაც ვტირი…არსად წავალ…
- +

23 მარტი. 2021. 19:08

 

 

ხურვალეთის უკანასკნელი მოჰიკანი გუშინ დაკრძალეს. დათა ვალიშვილმა დიდხანს იავადმყოფა, თუმცა ვერც სიცოცხლის გახანგრძლივების სურვილმა დაატოვებინა სახლ-კარი, სამკურნალოდაც არსად წასულა. ახლა, მავთულხლართებით გაკვამლისფერებულ ეზოში მხოლოდ ვალია ვანიშვილი დარჩა.

 

 

 

დათა პაპამ საყვარელ მეუღლეს გარდაცვალების წინ უკანასკნელი სათხოვარი გაანდო – როგორც მე არ დავტოვე ეს სახლ-კარი, ისე შენ არ დატოვოო”, უთქვამს. ახლა, ვალია ბებო დღე და ღამე ტირის, ტირის საყვარელ ქმარს და მარტოობაში გასატარებელ უკანასკნელ წლებს…

 

 

 

“პრაიმტაიმი” ვალია ვანიშვილს ესაუბრა. მასთან სატელეფონო მოკლე ინტერვიუ გამოგვივიდა, რადგან გაურკვეველი მიზეზით მისი ტელეფონი გაითიშა.

 

მთელი ღამე ვიტირე, ახლაც ვტირი. ეჰჰ, აბა როგორ ვიქნები, ჯერ სტუმრები აქ მყავს, ჩემი ძმა, ქალიშვილინონა და მისი ქმარი ჩემთან არიან, მე არავისთან წავალ. იცით, დათამ როგორ მითხრა? როგორც მე ამ სახლიდან და ეზოდან არსად წავედი, ისე შენ არ დატოვო აქაურობაო.

 

 

 

გიორგი მარგველაშვილმა ისე ტკბილად მელაპარაკა, ქალბატონო ნუ გეშინიათ, მე ძალიან მიყვარდა დათა, ის მთელი სოფლის ფასი იყოო. ვენოკიც გადმომაწოდა. ჩემი დათა ქართველებმა დამიმარხეს, ყველაფერი მოიტანეს, რაც საჭირო იყო. თქვენი იმედი მაქვს ქართველებო, ლუკა-პურს არ მომაკლებთ, ვიცი. ბევრი არაფერი მინდა, მე კი არსად წავალ.

დათას დისშვილები გუშინვე წავიდნენ, ჩემი ნათესავები ბორჯომიდან და ბაკურიანიდან დასაფლავებაზე არ შემოუშვეს, გაღმიდან გააბრუნეს…” აქ ვალია ვანიშვილთან საუბარი წყდება, მისი მობილური ტელეფონი ითიშება…

 

 

 

უკვე თმაშევერცხლილი მოხუცი ქალბატონი ქმრის ანდერძს აღასრულებს და ისიც ოკუპირებული ხურვალეთის მცველად დარჩება. ახლა, მისი ცხოვრების აზრი დათას სიტყვების სისრულეში მოყვანაა.

 

 

 

შემზარავი იყო ის კადრები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა – ჭირისუფალსა და დათა პაპას ხსოვნის პატივსაცემად მისულ ადამიანებს შორის რუსული მავთულები აშორებდათ. მავთულის ეკლები ვერ აჩერებდნენ სიმბოლურ ყვავილებს, ვერ აკავებდნენ თანაგრძნობით გამოხატულ სიტყვებს, ვერ დააკავეს მოხუცი დათა ვანიშვილის თავდადება.

 

 

 

ახლა კი, მისი ქვრივის, ვალია ვანიშვილსა და დანარჩენ საქართველოს შორის ისევ მავთულხლართები იქნება, მას ისევ მიაკითხავენ და ერთმანეთში სითბოს გაცვლიან. ახლა, ხურვალეთის უკანასკნელი მცველი ეს მოხუცი, თუმცა შეუპოვარი გმირი ქალია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი