logo_geo
ვინ იყვნენ კატო კალატოზიშვილის ძალზედ ცნობილი ბაბუები
- +

23 მარტი. 2021. 21:55

 

 

კატო კალატოზიშვილი, რომელსაც “სამეფო უბნის თეატრის” მაყურებელი კარგად იცნობს, ფართო საზოგადოებამ სერიალ “სეანსით” გაიცნო. “პირველ არხზე” დეკემბერ-იანვარში გასულ სერიალში, კალატოზიშვილი, ფსიქოთერაპევტის ერთ-ერთი პაციენტის როლში ვიხილეთ.

 

 

 

სერიალში კატოს ქმარი, პაატა ინაურიც თამაშობდა, მფრინავი ლადოს როლში.

 

 

 

ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, არც იცის, რომ კატოს დიდი ბაბუები – მიხეილ კალატოზიშვილი და სერგო ზაქარიაძე იყვნენ.

 

 

 

კატომ ია ანთაძის რუბრიკაში “საინტერესო ადამიანები” დიდი ბაბუებისადმი საკუთარ მიდგომაზე ისაუბრა.

 

 

 

კატო კალატოზიშვილი:  როდესაც ცნობიერ ასაკში მივხვდი, ვისი შვილთაშვილი ვარ ან დედის მხრიდან, ან მამის მხრიდან, თავიდან ამის განცდა და სიამაყე სულ მქონდა. ეს ბავშვური მომენტი იყო. მაგრამ ახლა ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს მეც, როგორიც თქვენ, როდესაც მოგწონთ, ან არ მოგწონთ სერგო ზაქარიაძე თუ მიხეილ კალატოზიშვილი.

 

დიახ, მათი ოჯახის წევრი ვარ, ეს ბაბუური ისტორიები, ოჯახური ცხოვრების ყოველდღიურობა უფრო მეტად ვიცი. მაგრამ დღეს ასე ვაფასებ, რომ ერთი იყო ბრწყინვალე მსახიობი და მეორე იყო ბრწყინვალე რეჟისორი. სულ თავის მართლება მიწევს, ამას როცა ვამბობ: არ მიიღოთ ეს სუბიექტურად შეფასებად-მეთქი, იმიტომ, რომ არ ვარ ამ შემთხვევაში სუბიექტური.

 

 

 

სამწუხაროდ, არ გამიმართლა და მათ არ ვიცნობდი. პირადი შეხება რომ მქონოდა, რა თქმა უნდა, მაშინ შეიძლება მეფიქრა, რომ სუბიექტური ვარ. ახლა კი მაყურებლად ვრჩები. დედაჩემს და დეიდაჩემს რომ ჰკითხოთ რამე სერგო ზაქარიაძეზე, პირველ რიგში, თავიანთი ბაბუა ახსენდებათ, რომელიც, თან, იციან, როგორი მსახიობი იყო. მამაჩემიც მიხეილ კალატოზიშვილზე ლაპარაკობდა, როგორც ბაბუაზე, მაგრამ ჩემთვის იყო რეჟისორი.

 

 

 

თეატრალურ ინსტიტუტში ათასი მითქმა-მოთქმაა ხან ვისზე და ხან ვისზე: იმიტომ მოხვდა, რომ ის არის და ეს არის… პირადად მე ძლივს ჩავაბარე. გამოცდაზე ჩემი ჩაჭრა უნდოდათ. მუმუშა გაწერელიას, თეატრალურ რეჟისორს და შესანიშნავ პედაგოგს, არ მოვეწონე და ამბობდა, არ არის ეს გოგო მსახიობიო. აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ, რომ გამოცდაზე კარგი მართლაც არ ვიყავი. მაგრამ გიზო ჟორდანიამ, პირიქით, დაიჟინა, მინდა, ჩემს ჯგუფში იყოს; დაგიმტკიცებ, რომ გამოვა ამისგან მსახიობიო. ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და ბატონი გიზო ჯიბრში ჩაუდგა. ვიღაცამ შეიძლება კი იცოდა, ვისი შვილთაშვილი ვარ (ბატონმა გიზომ ნამდვილად არ იცოდა), მაგრამ კინაღამ ჩავიჭერი…

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი