logo_geo
გურამ შეროზია: თუ საჭიროა, ყველა შეყვარებულზე დავქორწინდები
- +

27 მარტი. 2021. 16:52

 

 

 

ინფლუენსერი გურამ შეროზია ახლახან საინტერესო მოგზაურობიდან დაბრუნდა. მოგზაურობა განსაკუთრებით მიმზიდველი იყო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, თუმცა მისი ერთადერთი პლუსი ეს არ ყოფილა.

 

გურამ შეროზია: იანვარში თურქეთში წავედი და „მოთელვა“ გავაკეთე. გავიგე, რომ საქართველოს მსგავსად, სხვაგან კორონას გამო ცხოვრებას ხაზს არ უსვამენ და ადამიანები სახლებში არ იკეტებიან. ამიტომ გადავწყვიტე, უფრო შორსაც წავსულიყავი და არჩევანი ტანზანიაზე გავაკეთე. მინდოდა, კორონასაც გავცლოდი და ზამთარსაც, ამიტომ ავირჩიე ადგილი, სადაც მზე და სითბოა. იქიდან იმაზე მაგარი ემოციებით დავბრუნდი, ვიდრე მოლოდინი მქონდა. სრული შოკი მივიღე, სრულიად რუსეთი და ევროპა იქ იყო და დროს ისე ატარებდნენ, თითქოს, მსოფლიოში არაფერი ხდება. მარტო მოგზაურობის დროს თავს ბევრი თავგადასავალი გადამხდენია. ამჯერად სასტუმროსთან ბარტერი მქონდა – რეკლამა უნდა გამეკეთებინა უფასოდ დარჩენის სანაცვლოდ, ასევე, დავრჩი რამდენიმე ადგილობრივთან, რომ იქაური ოჯახი შემეგრძნო. წარმოიდგინეთ, ერთი დღე ხარ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ვიღაცები მარაოს გინიავებენ და ნაირნაირებს მოგართმევენ, მეორე დღეს კი ხვდები ღარიბების უბანში, ადგილობრივის ოჯახში, სადაც გძინავს იატაკზე გაშლილ საწოლზე, გჭამენ მწერები და ასე შემდეგ. წიკიანი არ ვარ, მაგრამ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან რომ ამ პირობებში ხვდები და თან იქ მთელი გულით გმასპინძლობენ, ვერც ვერაფერს იტყვი, მაგრამ ჩემთვის პატარა პანიკები მქონდა, თუმცა, ეგეც არაფერი, გადავაგორე. დავლიე, გავერთე და ასე შემდეგ. ამ მოგზაურობაში განსაკუთრებული იყო ისიც, რომ „ლავსთორები“ გადამხდა თავს.

 

– გამოჩნდა შოკოლადისფერი გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო სწერდა.

 

– პლაჟზე მივდიოდი ბედნიერად და უცებ სასწაული სილამაზის გოგო დავინახე. რომ გაიღიმა, ხომ საერთოდ, შოკში ჩავვარდი. ფოტო გადავიღე მასთან და გადაღების დროს ისე მომიცუცქდა, არ ვიცი, შეიძლება, პროფესია ჰქონდა ასეთი, ისე შემომესალტა, ვიგრძენი, რომ ჩემში ყინული დაძრა (იცინის). ვერ მივხვდი, როგორ გამომერთმია „ინსტაგრამი“ და ვუთხარი, რომ ძალიან ჰგავდა ჩემს საყვარელ მსახიობს. მე ფოტოგრაფი ვარ, ფოტოებს კიდევ გადაგიღებ, შენი „ინსტაგრამი“ მომეცი და გამოგიგზავნი-მეთქი. არ ვიცოდი, თუ „ინსგატრამის“ აქტიური მომხმარებელი არ იყო, თორემ ნომერს გამოვართმევდი, არადა იმ მომენტში ისიც მეფლირტავებოდა, გულგრილი არ ჩანდა. „ინსტაგრამზე“ მარტო მე კი არა, როცა მის შესახებ პოსტი დავდე, ბევრი ქართველი წერდა, მისწერე გურამსო (იცინის). მაგრამ ამან არ გაამართლა და მესამე დღეს ახალი სტრატეგია შევიმუშავე (იცინის). ეს პლაჟი საკმაოდ პატარა იყო, ერთი და იგივე სახეები მხვდებოდნენ. ავიღე ამ გოგოს ფოტო, ადამიანებს ვაჩერებდი და ვეკითხებოდი, ხომ არსად ენახათ. ამ პროცესში შევხვდი არანაკლები სილამაზის გოგოს – კოკოს, რომელიც მეუბნება, რომ თითქოს სადღაც მოუკრავს თვალი. ძალიან საინტერესოა, ვაფასებ შენს მონდომებას, მოდი, გამოგყვები და ერთად მოვძებნოთო. არ ვიცი, შეიძლება, თავიდანვე რამე განზრახვა ჰქონდა (იცინის). გზაში აღმოვაჩინე, რომ ეს კოკო იმდენად საინტერესო გოგო იყო, სულ დამავიწყდა, ვის ვეძებდი. იმ დღეს კოკო მიდიოდა. მე კი საინტერესო შემოთავაზება მქონდა ერთ-ერთი სასტუმროსგან, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ორადგილიან ნომერში ერთი ღამით შემეძლო, დავრჩენილიყავი. მივწერე კოკოს, ძალიან საინტერესო იყო შენთან ერთად გატარებული დრო, ისევ ხომ არ დაბრუნდებოდი, ჩვენს პლაჟზე-მეთქი?! დაბრუნდა, საოცარი ნომერი მოგვცეს, კარგი დრო გავატარეთ და მშვენივრად აეწყო ჩვენი ურთიერთობა. შემდეგი ხუთი დღეც ერთად გავატარეთ. რეალური „ლავსთორის“ მსგავსი შეგრძნება მქონდა და ძალიან დამწყდა გული, რომ დავიშალეთ. ძალიან საინტერესო გოგო იყო – გარდა სილამაზისა, ჭკუითაც გამოირჩეოდა. ახლა უნდა დავტესტოთ, როგორ გაუძლებს ჩვენი ურთიერთობა დროსა და მანძილს.

 

– ურთიერთობის პერსპექტივაზეც ფიქრობთ?

 

– კი, ერთ ქალაქში რომ ვცხოვრობდეთ, მაგალითად, თბილისში რომ იყოს, ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა გაგრძელდებოდა. ძალიან გაოცებული იყო. უამრავი ქართველი სწერდა, აფოლოვებდა. მერე სტატიები ჩავუგდე, რომლებიც ონლაინპორტალებზე გამოქვეყნდა ჩვენ შესახებ და შოკში იყო, რა ხდება ჩემს თავს, საქართველოში ვარსკვლავი ვარო?! (იცინის)

 

– არ „გაპატიეს“ არც მოგზაურობა, არც ახალი მანქანა და ყველას აინტერესებს ერთი რამ – საიდან აქვს გურამს ამდენი ფული?

 

– ხალხი რასაც ჩემგან ხედავს, არის ჩემი სოციალურ ქსელებში აქტიურობა და ტელევიზიებში ვიზიტები. მათთვის, ალბათ, აღვიქმები ადამიანად, ვინც შოუ-ბიზნეში რაღაცებს დამაიმუნობს და რეიტინგს წერს. ცოტას თუ დაფიქრდებოდნენ ან დაგუგლავდნენ, გაიგებდნენ, რომ სამ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს, მაქვს ჩემი ბიზნესი, მქონდა ტურისტული კომპანია, ახლა კიდევ ახალი დავამატე, ვთანამშრომლობ ბევრ კომპანიასთან მარკეტინგის კუთხით, ვიღებ სარეკლამო დაკვეთებს, როგორც ინფლუენსერი.

 

– ყოველთვის ყურადღებას აქცევ, როგორ გამოიყურები. წამწამებით დაიწყე და ბოლო პერიოდში ცხვირით დაასრულე.

 

– გარეგნობაზე უფრო დიდი კოზირი ჩემი საინტერესო ცხოვრება და ტვინი მგონია. უბრალოდ, როცა ჩემი თავი ერთი და იმავე ვიზუალით მბეზრდება, ვცდილობ, რაღაც შევცვალო. ბოლო დროს თმა გავიზარდე, ახლა უფრო ხვეულს ვატარებ და სულ შეკრული არ მაქვს. წამწამებზე ლამინირება გავიკეთე, რომელმაც ერთი თვით დამიგრძელა და გამიმუქა. რაც შეეხება ცხვირს, ამ ცვლილებას ჩემი სახის წყობა საერთოდ არ შეუცვლია. განსხვავება ისაა, რომ უფრო თხელი და აწეული ცხვირი მაქვს, მაგრამ ისევ დიდი და კეხიანი.

 

– მოგზაურობაში შვილის წაყვანას თუ აპირებ, ახლაც გაუჭირდებოდა მამასთან განშორება.

 

– როცა ვინმე აბრაზებს, ჩემს ოთახში შემორბის, რომ დავიცვა და მისი „პრობლემები“ მოვაგვარო (იცინის). მე რომ არ ვყავდი, ძალიან მორჩილი იყო, რასაც ეტყოდნენ, ასრულებდა და რომ ჩამოვედი, ისევ „გაბლატავდა“, მთავარი მცველი გამოუჩნდა (იცინის). მის ვიდეოებს რომ ვუყურებდი, გული მისკდებოდა და მაშინვე დაბრუნება მინდებოდა. რომ დავბრუნდი, გვერდიდან არ მშორდებოდა, თითქოს შიშობდა, კიდევ არ წავიდესო.

 

– ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა კარგად გამოგდის?

 

– ძალიან კარგად დავლაგდით, დედაჩემთან მეგობრობს და გვსტუმრობს ხოლმე. ბავშვს რომ ქუჩაში ახვედრებენ ერთმანეთს, ვერ ვიტან ეგეთ ქაჯობებს. ერთმანეთთან რომ დიდი კონფლიქტები გვქონოდა, ბავშვის პატივისცემის გამო დავაზავებდი ურთიერთობას. მაგრამ ჩვენ ისედაც ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა და მაგ კუთხითაც ვცდილობთ, საზოგადოებას მაგალითი მივცეთ, რომ ყოფილი მაინცდამაინც მტერს და სალანძღავს არ ნიშნავს.

 

– პირველივე ჯერზე მივხვდი, რაც იყო ქორწინება, მაგრამ პერიოდულად ვიმეორებ, რომ არ დამავიწყდესო, მსგავსი შინაარსის პოსტი გააზიარე სოციალურ ქსელში. როგორი დამოკიდებულება გაქვს ქორწინებისადმი ამ გამოცდილებით?

 

– საერთოდ ვერ ვხდები, რა საჭიროა ქორწინება?! გიყვარს? იცხოვრეთ ერთად, რა აზრი აქვს, შეყვარებულები გერქმევათ თუ ცოლ-ქმარი?! ჩემი პარტნიორისთვის, მაგალითად, კოკოსთვის თუ მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ მაინცდამაინც გვექორწინა, ზანზიბარის რომელიმე ეკლესიაში ვიქორწინებდით. ჩემთვის ქორწინება არაფერს ნიშნავს. ის ურთიერთობას უფრო სერიოზულს ვერ ხდის. ჩემთვის სულერთია, ამიტომ მეორე მხარისთვის რომელიცაა უფრო კომფორტული, დაე, ისე იყოს. თუ საჭიროა, რამდენიც მეყოლება, ყველა შეყვარებულზე დავქორწინდები (იცინის).

 

– კოკოსთან დისტანციური ურთიერთობა რას მოიაზრებს?

 

– დინებას მივყვებით, თავს კარგად ვგრძნობთ და იმედი გვაქვს, რომ რეგულაციების ფარგლებში სადმე გადავიკვეთებით.

 

– შენ რომ აქ გოგო და იმას იქ სხვა ბიჭი მოგეწონოთ, ეს ურთიერთობა ამ განწყობების შეზღუდვას მოიაზრებს?

 

– ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ასეთი ურთიერთობა, რომლის დროსაც, წყვილი, პირობითად, სამი თვით დისტანციურად ურთიერთობას, პარალელურად, რაღაც დოზით მოკლემეტრაჟიან სექსუალურ ურთიერთობებს მოიაზრებს. მაგრამ ჩემი დიადი და წრფელი გრძნობები, შეიძლება, მხოლოდ იმ ერთადერთისკენ იყოს მიმართული, რომელიც იმწუთას ჩემგან შორს არის. ამ შემთხვევაში, თუ მე „მიხსნილდება“ და უფლებას ვინიჭებ, რომ რაღაცები მქონდეს, ავტომატურად „უხსნილდება“ მეორე მხარეს. მე აქ ვირბინო და იქ კოკომ ბოქლომი დაიდოს, ეგრე არ „მოსულა“. არ აქვს მნიშვნელობა, ცოლიც რომ იყოს, როგორც ვთქვი, სულერთია, რა ერქმევა. თუ ღია ურთიერთობაში ვიქნებით, ეს ასე იქნება ორივესთვის. ამ ეტაპზე არ გაგვირბის სხვისკენ თვალი, მაგრამ თუ მივხდებით, რომ გაგვექცა, მაგრამ თან ერთმანეთი მოგვწონს, რა თქმა უნდა, ერთობლივი დისკუსიის გზით მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს. საქართველოში კაცს შეუძლია, მარჯვნივ და მარცხნივ გადაიაროს ყველაფერი, ქალი კი პატიოსნად უნდა ელოდოს. ჩვენ შემთხვევაში, თუ შევთანხმდებით, რომ ცოტ-ცოტა რაღაცები შეგვიძლია, ეს ნიშნავს, რომ ორივეს შეგვიძლია და არა მარტო კაცს. როგორც ქალიშვილობის შენახვა არ არის პრიორიტეტი და ძალიან მეგოიმება კაცი, რომელიც შეყვარებულს შეიძლება, იმიტომ დაშორდეს, რომ ქალიშვილი არ არის, ანალოგიურია ესეც. კაცები ბორდელიდან ბორდელში დადიოდნენ და ქალს ლობიოში ჰქონდეს თავი ჩაყოფილი, ბოდიში, მაგრამ აღარ არის ეგ დრო. გოგოს მამა ვარ, ბევრი გოგოს მეგობარი ვარ და მათ უფლებებს აუცილებლად დავიცავ. საერთოდ არ მჯერა ადამიანების მონოგამიის და იმის, რომ შეიძლება, ოცი წელი იცხოვრო ადამიანთან ისე, რომ სხვა არ მოგინდეს. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ გინდება და თავს იტანჯავ. რატომ? თუ ადამიანთან ამოწურე თავი ან ეტაპობრივად გადახალისება გჭირდებათ, დაე, გადახალისდით. არ ვთვლი, რომ მთელი ცხოვრება ერთ ადამიანზე უნდა „მოიჭრა ჭიპი“. ეს ჩემი გადმოსახედია, ყველაფერი ინდივიდუალურია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი