logo_geo
რატომ არის მოძრავი აღდგომის დღესასწაული
- +

17 აპრილი. 2017. 00:20



მოსეს მიერ ებრაელთა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოყვანას, ანუ პასექს - გაზაფხულის ბუნიობის დღეს ზეიმობს ებრაელი ერი. ამავე, მთვარის ავსების დღეს აცვეს ჯვარს იესო ქრისტე, მასამე დღეს კი, კვირას, უფლის საფლავთან გამთენიას მისულ მენელსაცხებლე დედებს ღვთის ანგელოზმა ახარა: „ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარცმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა... და ადრე წარვედით, და უთხარით მოწაფეთა მისთკა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ". თავდაპირველად აღდგომა ებრაელთა პასექს ემთხვეოდა, შემდგომ კი ეკლესიის დადგენილებით, უფლის ადღგომა მთვარის აღვსების პირველივე კვირადღეს აღინიშნება და მოძრავიც ამიტომ არის.


„ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! „- ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომიდან ამაღლებამდე, 40 დღის განმალვობაში და ამით იმ ნეტარ 4 დღეს აღნიშნავენ, მკვდრეთით აღმდგარმა იესომ რომ გაატარა თავის მოწაფეებთან.


როგორ წერს ადამიანი საკუთარი ცხოვრების წიგნს და როდის ხდება ის გულთამხილავი


ჩვენი ცხოვრება ღმერთის ძიების პროცესია, ამ გზაზე ზოგჯერ ვუახლოვდებით ღმერთს, ზოგჯერ - ვშორდებით. ადამიანი ცდილობს, დაინახოს ღმერთი, შეიგრძნოს მისი არსებობა, მაგრამ, ურწმუნობის გამო, ზოგჯერ ვერ ახერხებს ამას. ამის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გურამიშვილი).


- არ არსებობს სამყაროში ადგილი უფლის გარეშე. უფალი ყველასთან ახლოსაა, განსაკუთრებით კი - ეკლესიაში. მფარველი ანგელოზიც ჩვენთან არის მუდამ. მთავარია, ჩვენ დავუძახოთ, ვთხოვოთ დახმარება და ის აუცილებლად მოგვცემს წყალობას. ყველაფერი უნდა ვითხოვოთ გულით, ყოველდღე, ყოველ საათში, საქმის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ, ანუ, გამუდმებით უნდა ვევედროთ უფალს. ჩვენ უმძიმეს დროში ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრება განსაცდელით არის სავსე, ამიტომ, ხშირად უნდა გადავიწეროთ პირჯვარი. უფალთან ერთად სიარული იოლია, მარტოს ჯვრის ტარება გაგვიჭირდება: დავკარგავთ, გაგვსრესს ან თავად გავთელავთ ამ ჯვარს. როდესაც უფალთან ერთად დავდივართ, ეს ჯვარი მსუბუქდება და იოლი სატარებელი ხდება.

 

- ადამიანს შეუძლია ღმერთის გარეშე ცხოვრება?


- რწმენის გარეშე ცხოვრება გაგვიჭირდება, რადგანაც ცოტა ჯიუტები, ჟინიანები ვართ, გვაწუხებს გაურკვეველი სურვილები, მიზნები. ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთის გარეშე, მისი შეწევნის, დახმარების გარეშე ცხოვრება, აუცილებლად დავიღუპებით. ეკლესიაში სიარულიც სწორედ ამისთვის არის საჭირო. ეკლესია არის ადგილი, სადაც უფალია დავანებული და მისი ხელმძღვანელობით შევძლებთ სწორად ცხოვრებას. ადამიანები ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, ხშირად ვვარდებით ცოდვაში. რომ არა ეკლესია და მოწყალე უფალი, მათ ვერასდროს განვეშორებოდით და სიცოცხლის ბოლომდე ცოდვებში ჩაფლული ვივლიდით. შესაბამისად, სასჯელი საშინელი და ჩვენი ცოდვილი ცხოვრების შესაფერისი იქნება. რაც მთავარია, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს უფალი - გაჭირვებასა და სიხარულში. თუ რაღაც გულით გვინდა და არ გამოგვდის, ესე იგი, ასე იყო საჭირო და არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში. ყველაფერს საღი თვალით უნდა შევხედოთ და არ უნდა დავიწყოთ ღვთის გმობა. უფალი არასდროს მოგვაკლებს იმას, რაც გვჭირდება, რადგან მის გულმოწყალებას და ჩვენდამი სიყვარულს საზღვარი არ აქვს. მთავარია, ჩვენ გაგვიჩნდეს მაცხოვრისკენ სიარულის სურვილი. მისი სიყვარულით სავსე უნდა იყოს ჩვენი გულები, ოღონდ, ეს სიყვარული არ უნდა გადადიოდეს ფანატიზმში. უნდა გვიყვარდეს უფალი წრფელი, სუფთა გულით, ისეთით, როგორსაც ღმერთი იმსახურებს. ცოდვებით, შურით, ბოროტებით, ვნებებით დამძიმებულ გულში უფლის ადგილი აღარ რჩება. მაცხოვარი სწორედ იმიტომ ეცვა ჩვენთვის ჯვარს, რომ ცოდვილი კაცობრიობა გამოეხსნა ცოდვებისგან. ის ერთადერთია, რომელიც მუდმივად გვეძახის ადამიანებს, მოგვიწოდებს სინანულისკენ, დაცემულებს ხელს გამოგვიწვდის, ფეხზე წამოგვაყენებს და ცხოვრების გაგრძელებაში დაგვეხმარება. მთავარია, ჩვენ გაგვიჩნდეს სინანულის გრძნობა, გვსურდეს ვნებებისგან გათავისუფლება, გავუღოთ მაცხოვარს დახშული კარი და ის იმ წამს ჩვენთან გაჩნდება, ჩვენს გულში შემოვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი დღე ღვთის არსებობის დამადასტურებელია, ყოველი დღე ნაჩუქარია ღვთისგან. მან უსასყიდლოდ მოგვცა სამყარო, სიცოცხლე, სანაცვლოდ კი არაფერი მოუთხოვია. როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ხშირად ამბობს აღსარებას, ეზიარება უფლის სისხლსა და ხორცს, ის ყოველთვის ხედავს უფალს, გრძნობს მის არსებობას, მის თანადგომას, სიყვარულს. თუ ადამიანს თვალები არ აქვს დაბრმავებული, მაშინ ის ამ ყველაფერს დაინახავს, შეიგრძნობს. ეკლესიაში სიარული, უფლის საიდუმლოებებში მონაწილეობა ადამიანს გულთამხილველს ხდის. მას უადვილდება ადამიანის პიროვნების ამოცნობა, უფალი მას ბევრ საფრთხეს არიდებს. იმის გაცნობიერება, რომ უფალი ჩვენზე ზრუნავს, უკვე ღვთის სათნოებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას მოასწავებს. თუნდაც ნამდვილი, აქტიური რწმენა არ ჰქონდეს ადამიანს, თუ მას ბავშვური რწმენა მაინც აქვს, მას დაიფარავს უფალი, რომელმაც ამ ქვეყანაზე მოგვცა თავისუფალი ნება, გაგვზარდა, დაგვიდგინა ღვთის მცნებები და გვითხრა, აკეთე, რაც გინდა, ოღონდ ნუ გადახვალ ამ მცნებებისგანო. ჩვენ მოცემული გაქვს სარწმუნოების ანბანი, ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრების როგორ წიგნს დავწერთ. ცუდი ჩანაწერების წაშლა მხოლოდ აღსარებით, სინანულით არის შესაძლებელი. ჩვენი იმქვეყნიური ცხოვრებაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული. როგორიც იქნება ჩვენი ცხოვრების წიგნი, ისეთივე იქნება უფლის სასჯელი და საჩუქარი. მთავარია, ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ, გავერიდოთ იმ ცოდვებს, რომლებშიც ყველაზე ხშირად ვვარდებით. სხვა შემთხვევაში, სარწმუნოებრივ გზაზე სიარული გაგვიჭირდება.


- მამაო, უფალი თითოეულ ადამიანს რის მიხედვით უგზავნის წყალობას?


- უფალი ყველას ერთნაირად უგზავნის წყალობას, ისევე, როგორც ყველას ერთნაირად ანათებს და ათბობს მზე. ღმერთმა დაგვიწესა ღვთაებრივი ეპიტიმია, ზოგი იტანჯება, ზოგი კვდება, ზოგი ცოცხლდება. განა სიკვდილი არ არის ცოდვაში ყოფნა? განა გაცოცხლება, მკვდრეთით აღდგომა არ არის, როდესაც ადამიანი დაძლევს ცოდვას და მოინანიებს? ასეთი ადამიანი ახალ ცხოვრებას იწყებს ქრისტეში. ყველა ადამიანი თავის გზაზე მიდის, თავისი ცხოვრების საფეხურებზე მიაბიჯებს, ის ეძლევა, რაც მას უნდა მიეცეს - სხვა შემთხვევაში გაუჭირდებოდა მისი ზიდვა. თუმცა ადამიანები ხშირად ვწუწუნებთ, ხან რა გვინდა, ხან კიდევ - რა და, ამის გამო ხშირად ბევრი ღვთის გმობამდეც მიდის. არადა, უფალი ყველას იმდენს აძლევს, რისი ზიდვაც შეუძლია. მას არ სურს ჩვენი დაბრკოლება, ცოდვაში ჩაგდება.

 

- როგორ უნდა გამოხატოს ადამიანმა ღვთისადმი თაყვანისცემა?


- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთის თაყვანისცემა, უპირველეს ყოვლისა, სულიერ თაყვანისცემას გულისხმობს. თუმცა, ღმერთს თაყვანი უნდა ვცეთ სხეულითაც - უნდა დავიცვათ ის წესები, რომელსაც ეკლესია გვასწავლის და რომელიც სხეულთან არის დაკავშირებული: პირჯვრისწერა, მეტანიები, მარხვა, ეკლესიაში სიარული და ასე შემდეგ. როგორც ქრისტეს აქვს ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ასევე, ჩვენს ეკლესიას აქვს ორი ასპექტი - ღვთაებრივი და მატერიალური, ღვთაებრივი და მიწიერი. ღვთაებრივი ჩვენთვის უხილავია, მიწიერს კი ვხედავთ ტაძარში, მორწმუნე მრევლისა და საიდუმლოებების სახით. ეს ორი ასპექტი ეკლესიისა - ღვთაებრივი და მიწიერი - არის ქრისტეს ღვთაებრივი და მიწიერი ბუნების გამოვლინება. თაყვანისცემა უფლისა მხოლოდ მაშინ არის უფლისთვის სასარგებლო, როდესაც ჩვენი სული, გონება და გული უფლისადმი არის მინდობილი და დანებებული. სამმაგია ადამიანის შემადგენლობა და სამმაგი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღვთისადმი, სამმაგი უნდა იყოს ჩვენი მინდობა მისადმი. ადამიანში სამი რამ არის მთავარი: გული, სული და გონება და სამივეს უნდა უყვარდეს უფალი. ადამიანს რომ შეეძლოს უფლის ბუნების შეცნობა, ის თავად იქნებოდა ღმერთი. რაც უფრო მეტად არის სული სიყვარულით სავსე, მით უფრო მეტად განიცდის ის ღვთაებრივ არსებასთან დაშორებას. ქმნულის მისწრაფება შემოქმედისკენ - უსასრულო სვლაა. ამ სვლის დროს მანძილი ქმნულსა და შემოქმედს შორის თითქოს სულ უფრო მცირდება, მაგრამ ის, ამავე დროს, უსასრულოა. ეს კი, თავის მხრივ, უფრო მეტ სიყვარულს იწვევს. ღმერთი გვიხმობს და ჩვენ მივყვებით ძახილს, მივისწრაფით ღვთისკენ, რომელიც მუდამ გვიცხადებს საკუთარ თავს და, ამავე დროს დაფარულია. ღირსი მაკარი ამბობს: „როდესაც მე ვარ შენთან შერწყმული, მგონია, რომ შენგან აღარ განვსხვავდები და მაშინ ვხვდები და ვიცი, რომ შენ მეუფე ხარ, მე კი - მონა".


წყარო http://literatura.mcvane.ge

 

 

big_banner
არქივი