logo_geo
რეზო ბლიაძე: ერთი წელი არ შეიძლებოდა დღის შუქზე ყოფნა
- +

7 აპრილი. 2021. 17:54

 

 

მუსიკალურ ჯგუფს „რეზო და ბავშვები“, რომლის სიმღერები თითქმის ყველამ ზეპირად ვიცით, უკვე ათწლიანი ისტორია აქვს. მისი სოლისტი რეზო ბლიაძე გვიამბობს საკუთარი და ბენდის განვლილი გზის შესახებ.

 

რეზო ბლიაძე: საკმაოდ დატვირთული ბავშვი ვიყავი: ვცეკვავდი, ვმღეროდი, მუსიკაზე დავდიოდი, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და სადღაც მეათე კლასიდან ავურიე (იცინის). სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ძალიან დიდი ხანი ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი. ოჯახში კი უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ არჩევანი ხელოვნებათმცოდნეობაზე შევაჩერე და პირველივე კურსიდან დავიწყე მუშაობა ტელევიზიაში.

 

– მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვობიდანვე გქონდა გამოკვეთილი?

 

– კი, მამა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი იყო და მის სამსახურში ბევრ რამეს ვსწავლობდი. მუსიკასთან და იუმორთან ბავშვობიდან ვმეგობრობდი. უცნაურია, რომ არასდროს მიფიქრია, პროფესიონალი მომღერალი ვყოფილიყავი. თუმცა, ბოლოს მაინც ჩემი ფეხით მივედი ამ საქმიანობამდე.

 

პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა „მანსანკან“-ში ვითამაშე, აქედან აღმოვჩნდით ტელეკომპანია „იმედზე“ ნიკა ქავთარაძის შოუში, სადაც სცენარისტად დავიწყე მუშაობა. ყველაფერი იქიდან დაიწყო.

 

– თავიდან იუმორი იყო, მუსიკამ როდის დაიკავა დიდი ადგილი შენს ცხოვრებაში?

 

– მუსიკა სულ იყო, პარალელურად. ყოველთვის ვიცოდი, რომ მეყოლებოდა ჯგუფი, რომლისთვისაც სიმღერებს დავწერდი. ათი წლის წინ, გაჩნდა „რეზო და ბავშვები“. იმ დროისთვის არაერთი ტექსტი და მუსიკა მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს, „გეპეის“ კაპელასთან ერთად ვაკეთებდი იუმორისტულ მუსიკალურ ნომერს. კაპელიდან ერთი ადამიანი გამეცნო: მითხრა, რომ იქაც მღეროდა, პარალელურად გიტარაზე უკრავდა და მუსიკალური ჯგუფი ჰყავდა. მე ვუთხარი, რომ სიმღერები მქონდა და ჯგუფს ვეძებდი. გაუხარდა, ჩვენ საავტორო სიმღერები არ გვაქვს, ქავერებს ვმღერით, მოდი, ბიჭებს მოვასმენინოთ შენი სიმღერები და თუ მოეწონებათ, გავერთიანდეთო. მოვასმენინე, და მოეწონათ. უკვე, ათი წელია, ერთად ვართ. ასე შევქმენით მე და ლელომ „რეზო და ბავშვები“. ამ სახელს თავიდან არასერიოზულად უყურებდნენ, მერე ძალიან გაამართლა და უკვე ხუთი წელია, ძალიან მოგვწონს, თორემ ისე ათი წელია ვარსებობთ (იცინის). რეალურად ჩვენ მართლა რეზო და ბავშვები ვიყავით, რეზო მე და ისინი – 17-18 წლის ბავშვები.

 

 

– რისი ამბიცია გქონდათ თავიდან?

 

– თავიდან ღრმად მჯეროდა, რომ ძალიან ბევრ ჰიტს შევქმნიდით. არც შევმცდარვარ. თუმცა, ხუთი წელი გვქონდა მოჯადოებული წრე, რომელსაც ვერ ვშორდებოდით – სულ ორი-სამი ათასი ადამიანი. ყველაფერი შეცვალა სიმღერამ, რომელსაც ჰქვია „მეგობარო“, მოჯადოებული წრე გაარღვია, ზედ კიდევ ძალიან ბევრი წრე მიაყოლა და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ საბოლოოდ შედგა. მივედით იქ, სადაც გვინდოდა, თუმცა, მიზნები და ამბიციები მაშინ გაცილებით უფრო დიდი გვქონდა. ახლა უფრო რეალისტურად ვუდგებით საქმეს. გავიზარდეთ, უკვე ათი წლის ბიჭები ვართ.

 

– სანამ პანდემია დაიწყებოდა, ძალიან ბევრი კონცერტი გქონდათ.

 

– კი, უამრავი კონცერტი გვქონდა. ჩვენს კოლეგებსაც გაჰკვირვებიათ, როგორ ახერხებთო? ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ გიჟურად გვიყვარს ჩვენი საქმე. ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩვენი ერთად ყოფნა და საერთო საქმის ერთგულებაა. ათი წელი რომ ხუთი კაცი ერთსა და იმავეზე ვმუშაობთ, არ მგონია, რომ ყველა სულელები ვიყოთ და არასწორს ვაკეთებდეთ. ყოფილა თვე, როცა ოცზე მეტი კონცერტი ჩაგვიტარებია. მაგალითად, 22 დეკემბრიდან 14 იანვრამდე 20-ზე მეტი კონცერტი გვქონდა. აქედან ოთხი კონცერტი – ახალი წლის ღამეს სხვადასხვა ლოკაციაზე. გიჟური და დაუვიწყარი მომენტი იყო, ჩავიხოცეთ, მაგრამ ძალიან მაგარი ემოციები გვქონდა. ამდენი კონცერტი, ალბათ, ჩვენი ოპერატიულობის დამსახურებაა. დღეს რომ დაგვირეკოთ, ხვალ კონცერტს უპრობლემოდ ჩავატარებთ. თან, ჩვენი ჯგუფი ყველგან მისაღები გამოდგა: ქალაქის ღია კონცერტებზე, დახურულ კლუბში, ქორწილში, ნათლობაში – ყველგან შეიძლება, აღმოვჩნდეთ და გარემო პოზიტიური გავხადოთ. არც რესტორანში დაკვრა „გვიტყდება“ და არც ქუჩაში. ალბათ, ამიტომაც გვქონდა ბევრი კონცერტი და ფასზეც არ ვვაჭრობთ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ესეც მნიშვნელოვანია. რამდენიც გაქვთ, იმდენად მოვდივართ – ასეთი მომენტიც გვქონია.

 

– ამასობაში შეიქმნა ჯანმრთელობის პრობლემები და რაღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა ყველაფერი მოგვარდა.

 

– კონცერტების მერე ძალიან გავხდი და მეგონა, რომ ამ რეჟიმმა დიდი ენერგია წაიღო და მიზეზი ეს იყო. მერე გულმა შემაწუხა და კარდიოგრამის გადასაღებად მივდიოდი. ვემზადებოდი, როცა მეუღლემ შეამჩნია, რომ ყელი მქონდა გასიებული და ენდოკრინოლოგთან გადავმისამართდით. გადამიღეს ექოსკოპია და რაღაც ძალიან გაიოცეს... ვაიმეო, იძახიან, მაგრამ მე წარმოდგენაც არ მაქვს, რაშია საქმე, მგონია, რომ გული მაწუხებს გადაღლილობისგან. გამიშვეს ბიოფსიის გასაკეთებლად, რაც მაშინ არ ვიცოდი, რა იყო. მერე ნელ-ნელა დაიწყეს ჩემთვის ინფორმაციის მოწოდება: არ დაპანიკდე, ეს არის სიმსივნე, მაგრამ არა ისეთი, რომელმაც შეიძლება, ადამიანი მოკლასო. მაგრამ როცა იგებ, რომ ყელზე გაქვს სიმსივნე და ხარ მომღერალი, ეს სიგიჟეა. სიმსივნე – თვითონ ეს სიტყვაც რომ გესმის, როგორც არ უნდა დაგაწყნარონ, რთულია. შენი თვალით კითხულობ, რომ დაავადება – პაპილური კარცენომა სიმსივნეა. ანალიზები აჩვენებს, რომ ავთვისებიანია და უკვე პანიკა დამეწყო. გადაწყდა, რომ საოპერაციო ვიყავი. გამოკვლევების პასუხი ძალიან ცუდზე მეტყველებდა. ასიდან რომ 95 კარგია და 5 პროცენტი – ავთვისებიანი, იმ ხუთში მოვხვდი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ექიმები გვყავს. მათ დამტოვეს ამ სამყაროში. უდიდესი მადლობა ქეთი ასათიანს, ლევან კალმახელიძეს და გიორგი ხარძიანს. ამ ადამიანებმა დამაყენეს ფეხზე და ხმაც შემინარჩუნეს.

 

– რა იყო მაშინ შენი მთავარი ფიქრი?

 

– დარწმუნებული ვიყავი, რომ ვეღარასდროს ვიმღერებდი. ექიმები მეუბნებოდნენ, ნუ გეშინია, სიმღერას ისევ შეძლებო, მაგრამ მეგონა, რომ ეს იყო დამშვიდების სტანდარტული მეთოდი. მით უმეტეს, ოპერაციის შემდეგ ორი კვირა ვერ ვლაპარაკობდი, ხმა აღარ ამომდიოდა და გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ეს საქმე დასრულდა და მთავარი ის იყო, რომ ცოცხალი ვიყავი. დაახლოებით ერთ თვეში მივიღე რადიაქტიული იოდი და 25 დღე ვცხოვრობდი თვითიზოლაციაში. პანდემიამდე ერთი წლით ადრე მქონდა დატესტილი ეს რეჟიმი. ვცხოვრობდი მარტო, წაღებული მქონდა ჩემი ელექტროპიანინო და უამრავი სიმღერა დავწერე. შარი ხეირად მექცა.

 

ოპერაციიდან ოთხ თვეში მქონდა პირველი კონცერტი, რომელიც ერთსაათიანი უნდა ყოფილიყო და საათნახევარი გავაგრძელე. რა ჯიგარიაო, ორგანიზატორი ეუბნებოდა ჩემს ბიჭებს, მე კი მაინტერესებდა, რამდენ ხანს ვიმღერებდი, თან, მონატრებული, ემოციებით სავსე. სიმღერის პარალელურად, ვფიქრობდი: ვმღერი, მე ისევ სცენაზე ვარ, ღმერთო, რა ბედნიერებაა-მეთქი. ვგრძნობდი, რომ გადავრჩი და ამას ემატებოდა რაღაცაზე გამარჯვების შეგრძნება იმის გამო, რომ დაამარცხე ის, რასაც შეეძლო, შენთვის ხელი შეეშალა იმის კეთებაში, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს.

 

– ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ოპერაციის შემდეგ რა არის საჭირო?

 

– კონტროლი. ბოლო მონაცემებით, პრაქტიკულად, ჯანმრთელი ვარ. პრაქტიკულად იმიტომ, რომ სარისკო პერიოდები ბოლომდე დასრულებული არ არის.

 

– ეს ცხოვრების სტილს ცვლის?

 

– კი, ფარისებრი ორგანო აღარ მაქვს. ამ ყველაფრის შემდეგ მქონდა შეზღუდვები. ერთი წელი არ შეიძლებოდა მზესა და დღის შუქზე ყოფნა. შემეზღუდა რაღაცების ჭამა. ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, წამალი უნდა დავლიო. ახლა მზეზეც გავდივარ და ზღვაზეც, თუმცა, გარკვეული ტიპის შეზღუდვები რაღაც პერიოდი კიდევ გაგრძელდება. უამრავი რამ შეცვალა ამ ავადმყოფობამ, არ ვიყავი ამისთვის მზად. პატარა ვიყავი იმ ფიქრებისთვის, რამაც ჩემს თავში გაიარა და. უფრო სიღრმისეული გახადა „რეზო და ბავშვებიც“. ჩვენი ჯგუფი ყოველთვის ემოციაზე აწყობილი ჯგუფი იყო და ამ გამოცდილების შემდეგ ცხოვრებაზე კიდევ უფრო მეტად ჩაფიქრებულები გავხდით.

 

– ორი შვილის მამა ხარ, ბიჭები მამის მსმენელები არიან?

 

– ცხრა წლის თომასა და სამი წლის სანდროს მამა ვარ. კი, მამის მსმენელები არიან, უნდათ თუ არა, უწევთ (იცინის). უფროსი ძალიან ინდივიდუალურია, ხუთი წლის იყო, ჯეკსონის მოსმენა რომ დამაწყებინა. მანამდე ჯეკსონს სერიოზულად არ ვუყურებდი, მოსმენილიც არ მქონდა და თომამ აღმომაჩენინა, რომ მასში ბევრი იყო ისეთი რამ, რაც გამომადგებოდა. ჩემი შვილებისგან მართლა ძალიან ბევრს ვსწავლობ და მათზე დაკვირვების შედეგად ვწერ ჟოზეს სიმღერებს, რომელიც ვიცი, რომ სხვა ბავშვებსაც მოეწონებათ და ასეც ხდება, რადგან მას რეალური საფუძველი აქვს.

 

– მეუღლე როგორ გაუმკლავდა ამ სიტუაციას?

 

– მკურნალობის პერიოდში ნინია ძალიან დამეხმარა. ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. ასეთ დროს ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა განსაკუთრებით დასაფასებელია.

 

– დაბოლოს – გეგმები...

 

– ალბომი რომ ჩავწერეთ, რეალიზებაა საჭირო – ადამიანების ყურამდე ხომ უნდა მივიტანოთ?! ამისთვის უნდა გაიხსნას ქვეყანა და ამ მიზნის მისაღწევად იმედია, მთავრობის გადაყენება არ დაგვჭირდება. არ ვიცი, როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს ეს ყველაფერი. მგონი, ყველაზე მეტად ცოცხალი მუსიკა აღიზიანებთ. ამბობენ, რომ პირველი აპრილიდან დაუშვებენ, თუ ასე არ მოხდა, ვაპირებთ, რომ პარლამენტთან ბავშვების საპროტესტო კონცერტი გავმართოთ. ცოტა გიჟური იდეა არის და ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს ჯერ არ მომხდარა და ნუ გამოგვიყვანენ ქუჩაში ბავშვებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი