logo_geo
ნიკოლოზ წულუკიძე: ვოცნებობ, რომ ჩემმა შვილმა მსახიობობა არ მოინდომოს
- +

7 აპრილი. 2021. 19:25

 

ტელეწამყვანი და თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ბოლო პერიოდში გარეგნულად საგრძნობლად შეიცვალა. გახდა, დაიხვეწა, ოდნავ განსხვავებული იმიჯიც მოირგო და ამ ყველაფრის შედეგად, რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდა. რა იყო მისი მოტივაცია და რა გზას მიმართა შედეგის მისაღწევად, ამაზე თავად მოგვიყვება.

 

ნიკოლოზ წულუკიძე: შარშან, ზაფხულში ჩემმა შვილმა მითხრა: მამა, მე რომ სკოლაში წავალ, მუცელი ისევ დიდი გექნებაო? მივხვდი, რომ ბავშვისთვის არასასიამოვნო იყო ჩემი ზედმეტი კილოგრამები და ვკითხე: მამა, გინდა, რომ გავხდე-მეთქი და ძალიანო, მიპასუხა. იმ დღიდან დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა: ფეხით სიარული, გარკვეული შეზღუდვები საკვებთან მიმართებაში. თუმცა კონკრეტულად რომელიმე დიეტა არ დამიცავს. გამოვიმუშავე რეჟიმი და ვცდილობ, მას არ გადავუხვიო. ყოველდღიურად ვამცირებდი ულუფას. ეს შეიძლება, იმ წუთას არც კი იგრძნობოდა, მაგრამ საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი სხვაობა გამოვიდა და ასე, ნელ-ნელა, ოპერაციისა და ზედმეტი ჩარევების გარეშე დავიკელი წონაში. ვცდილობ, რომ არ ვჭამო ცომეული და ტკბილეული, სხვა ყველაფერს გეახლებით, მაგრამ დაბალანსებულად ვიკვებები, ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტებით. ისედაც არ მიყვარდა „ფასთფუდი“ და ახლა – მით უმეტეს. ყველაზე დიდი დოზით ბოსტნეულს მივირთმევ. ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენ ეზო გვაქვს და პანდემიის დროს დავიწყე ბარვა და თოხნა. ბევრი საქმე მქონდა და ფიზიკური დატვირთვაც ძალიან დამეხმარა კილოგრამების მოშორებაში. ერთი პერიოდი, მაშინ, როცა „შუა ქალაქს“ ვიღებდით, მე და ოთარ ტატიშვილმა დავიწყეთ „დოლინას დიეტა“ და გავხდით, მაგრამ მე მალე ისევ მოვიმატე. მაშინ მივხვდი, რომ სწრაფ შედეგზე ორიენტირებული დიეტა არ იყო ჩემი საქმე. როცა ნელ-ნელა იკლებ და ცოტას, უმჯობესია, რადგან მერე ადვილად აღარ იმატებ.

 

– არ გიფიქრიათ პროცესში ენდოკრინოლოგის ჩართვაზე?

 

– ჩვენი ოჯახის ახლობელი, ქალბატონი მარინა ლომიძე მიწევდა რეკომენდაციებს შიგადაშიგ და ეს შედეგი დიდ წილად მისი დამსახურებაცაა. მან შეიმუშავა რეჟიმი, რომელსაც მე უნდა დავმორჩილებოდი. ასე რომ, ყველაფერი მაინც პროფესიონალის ზედამხვედველობის ქვეშ მიმდინარეობს. საერთო ჯამში, 27 კილოგრამი დავიკელი. მაგრამ ისევ ვაგრძელებ ამ რეჟიმით ცხოვრებას. მინდა, კიდევ ათი კილოგრამი დავიკლო. ზუსტად ამ კვირაში ვიწყებ ვარჯიშს და იმედია, არასასურველ კილოგრამებს ბოლომდე დავემშვიდობები.

 

– როცა ზედმეტი კილოგრამებისკენ გაქვს მიდრეკილება, წონის მუდმივი კონტროლი გიწევს. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ?

 

– რომ არ მაქვს გამოცდილება, იმიტომ ვიყავი გასუქებული. პარადოქსია, მაგრამ როცა გავხდი, მაშინ მივხვდი, რა მსუქანი ვყოფილვარ. როცა მსუქანი ვიყავი, მაშინ ვფიქრობდი, რომ ოდნავ სრული ვიყავი.

 

– როგორი ყოფილა 27 კილოგრამით ნაკლები წონით ცხოვრება და რას ამბობს შვილი ახლა?

 

– მე ეს არ დამიკლია ერთსა და ორ თვეში, ამიტომ ერთ დღეში არ მომიწია ახალ რეალობასთან შეგუება. შვილი მეუბნება, ცოტა კიდევ გინდაო.

 

– ეკრანზე რომ უყურებთ საკუთარ თავს, ეს რა შეგრძნებაა, თან იმიჯიც შეიცვალეთ – წვერსა და თმას ვგულისხმობ.

 

– ამას წინათ ჩემი ძველი კადრები ვნახე ეთერში და რომ შევხედე, მეგონა, სხვა ადამიანი იყო. რაც შეეხება იმიჯს, ყოველთვის ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი, მაგრამ წონის კლებამ უფრო გამოკვეთა ეს ყველაფერი. მეუბნებიან: ჯანმრთელად ხარ? ვაიმე, მეტი აღარ გახდე. შენ ისეთი უფრო გვიყვარხარ, თავს მოუფრთხილდი, ჭამე რამე. რა დროს დიეტაა, რა გაქვს სადიეტოო... არადა, მე ხომ ძალიან კარგად ვიცი, რომ მჭირდება დიეტა. ზოგი მეკითხება, ოპერაცია ხომ არ გაიკეთეო. არა, ჯანსაღად, მე თვითონ დავიკელი. ჩემი ბავშვობის ფოტოებში გაჩხინკულ ნიკოლოზს აღმოაჩენთ. დაწყებით კლასებში და ცოტა მერეც გამხდარი ვიყავი. მოგვიანებით მოვიმატე და მოვიმატე.

 

– იყო ბულინგი, გქონდათ კომპლექსი?

 

– არა, ძალიან მსუქანი არ ვყოფილვარ. კომპლექსი იყო და სულ მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი. ახლა განსაკუთრებით კარგად ვაცნობიერებ ამას და სარკეში რომ ვიხედები, ჩემს თავზე ვბრაზდები, აქამდე როგორ არ მივიღე ეს ზომები?!

 

– ნებისყოფიანი აღმოჩნდით?

 

– ზოგჯერ წამძლევს ხოლმე სული და რამე ისეთს შევჭამ, რაც სასურველი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე დღეს ვარეგულირებ. ასე თუ ისე, გამოვიდა და ახლა იმედი მაქვს, რომ ამ შედეგის შენარჩუნებას შევძლებ.

 

– ამ ყველაფრის დამსახურებით, ნიკოლოზს ვიზუალურად წლები აკლდება, მაგრამ ამასობაში მეორე შვილის მამაც გახდა. როგორი ბიჭია კიტა?

 

– კარგი ბიჭია, ძალიან დინჯი და მოკრძალებული. დასაც ჰგავს, დედიკოსაც და მამიკოსაც, მაგრამ ჩვენზე მშვიდია. ზედმეტად არ შეგაწუხებს, არც იტირებს. ძალიან ვცდილობ, ჩემს მეუღლეს კი არ მივეხმარო, ჩემი შვილის აღზრდაში მივიღო მონაწილეობა და რაღაც გამოდის.

 

უფროსმა როგორ მიიღო კიტა და თვითონ როგორი გოგოა?

 

– სესიალიამ თავიდან ცოტა იეჭვიანა, მაგრამ ახლა მსგავსი აღარაფერია. პირიქით, ძალიან გვეხმარება კიტას აღზრდაში. ის უკვე დიდი გოგოა, ახლა სკოლა დაეწყო და უხარია. კარგად სწავლობს, ძალიან მონდომებულია და თუ გინდა, დასაჯო, უნდა უთხრა, სკოლაში არ გაგიშვებო. მღერის, ნუკრი კაპანაძესთან დადის და ძალიან უყვარს ეს პროცესი.

 

– თეატრალური სამყაროს მიმართაც ხომ არ აქვს მიდრეკილება?

 

– არა, არა და იმედი მაქვს, არც ექნება. ვოცნებობ, რომ ჩემმა შვილმა მსახიობობა არ მოინდომოს. რომ ვიცი, რა რთულია ამ სფეროში არსებობა, იმიტომაც მირჩევნია, სხვა გზას გაჰყვეს.

 

– პანდემიის დროს, მეურნეობის სახით, არაჩვეულებრივი გამოსავალი გიპოვიათ. სად ხდებოდა ეს ამბავი?

 

– საზამთრო და ნესვი, კიტრი და პომიდორი, კარტოფილი, სიმინდი, კვახი, ყველანაირი მწვანილი და ხილი ეზოში მოგვყავდა – თბილისში, დიღომში. დიდი ეზო გვაქვს და გამოვიყენეთ. ყველაფერი ბევრი მოგვივიდა და ფაქტობრივად, არაფრის ყიდვა აღარ გვჭირდებოდა, მთელი ოჯახი ჯანსაღად ვიკვებებოდით საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეულით. ჩვენ ამან გადაგვარჩინა პანდემიის დროს და ამ დაძაბულობის ჟამს სიცოცხლეც გაგვიხალისა.

big_banner
არქივი