logo_geo
მაღალტექნოლოგიური საფლავი - რას გულისხმობს ქართველების უნიკალური გამოგონება
- +

19 აპრილი. 2017. 11:04


რას არ აღმოაჩენ სასაფლაოზე ხეტიალისას... ზოგი გმირი იყო, ზოგი გამომგონებელი, პოეტი ან მუსიკოსი, ზოგიც უბრალო მოკვდავი, რომელიც უყვარდათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იყო ადამიანი. საფლავები განსხვავებულია, ზოგიერთი საერთოდ მივიწყებული...


ადამიანის არსებობა კი სწორედ მაშინ მთავრდება, როცა ის აღარავის ასხოვს. არადა, ამქვეყნიდან წასულებმა დატოვეს მოგონებები, რომელთა გადაცემაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია...


თუმცა, ამიერიდან სასაფლაოზე ხეტიალისას შესაძლოა აღმოაჩინოთ მაღალტექნოლოგიური საფლავი, რომელიც მასზე დატანებული უნიკალური QR-კოდის საშუალებით, იქ დაკრძალულ ადამიანზე კვალიფიციურ ინფორმაციას მოგაწვდით. საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა უნიკალური კონცეფციის მქონე კომპანია „ქრონოსი", რომლის მიზანი სწორედ გარდაცვლილთა ხსოვნის სათანადოდ შენახვაა.


„ქრონოსი" გარდაცვლილი ადამიანების წარმომადგენლების თანხმობით ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, სურათები და ვიდეოები, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია და საფლავის მისამართი.


QR ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება ქრონოსი - პატარა ზომის ქვა, რომელზეც დატანილი იქნება კოდი. ქრონოსი მოთავსდება სასაფლაოზე. იქ მისულ პირებს საშუალება ექნებათ, QR წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებგვერდი და გაიგონ უფრო მეტი მის შესახებ. ასევე, მომზადებულია ვებგვერდი, რომელზეც, განთავსებული იქნება ბაზა და ვიზიტორს ძიების ველში მიცვალებულის სახელისა და გვარის ჩაწერით შეეძლება აღნიშნული ინფორმაციის მიღება და წაკითხვა",- განმარტავს „ქრონოსის" დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი.


უნიკალური პროდუქტი გიორგი მაჭავარიანმა ორ თანადამფუძნებელთან ერთად შექმნა. პარტნიორები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიდი ხანია საქმიანობენ და ერთ დღესაც გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ადამიანზე მოგონებებს შეინახავდა და თაობებს გადასცემდა. ეს კი საინფორმაციო ტექნოლოგიების ანუ იმ სფეროს დახმარებით გააკეთეს, რომელსაც კარგად იცნობდნენ.


არ არის აუცილებელი, ადამიანი გმირი იყოს, რომ მისი ისტორია თაობებმა შეინარჩუნონ. მაგალითად, ჩემი გარდაცვლილი ბაბუის შესახებ მოგონებები ბებიას დამსახურებით ისევ ცოცხლობს. თუმცა, ბებიას გარდაცვალების შემდეგ ის დაიკარგება, რაც გულდასაწყვეტია. ამიტომაც შევქმენით ქვა ქრონოსი", - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი მაია ხოფერია.


საქართველოში ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. იდეის ჩამოყალიბებისა და დახვეწის პროცესში პარტნიორებმა ინფორმაცია მოიძიეს სხვა ქვეყნების შესახებ და აღმოჩნდა, რომ იქ მსგავსი შეთავაზებები არსებობს და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. ქართულ ბაზარზე კი ის ორი დღეა ხელმისაწვდომია და დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ პოპულარობის მოპოვებას მალე შეძლებს.


ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულია ჩვენი ერი. სოციალურადაც აქტიურები ვართ. სმარტფონი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს. QR ტექნოლოგია კი ნაცნობი და მიღებული პრაქტიკაა. ის გვხვდება პროდუქტის შეფუთვაზე, გაჩერებებზე, ავტომობილის ტექპასპორტზე, მანქანის სანომრე ნიშნებზე. რატომაც არა საფლავებზე? მით უმეტეს, რომ ასეთ კარგ მიზანს ემსახურება. ვფიქრობ, იქნება ისეთი ხალხიც, ვინც ამას ცუდად გაიგებს და ნეგატიურად განეწყობა. თუმცა, აქ მთავარი ისაა, რომ ყველას, ვისაც უყვარს თავისი წინაპარი და მისი ხსოვნის შენარჩუნება სურს, ამის კარგი საშუალება ეძლევა", - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.


საიტის ბაზის მეშვეობით, დაკარგული საფლავების მოძებნაც შესაძლებელი იქნება.


ხშირია შემთხვევები, როცა წინაპრის საფლავი დაკარგულია და ვერ პოულობენ. ამ შემთხვევაში ჩვენი საიტი ძალიან პრაქტიკულია. მასში ჩაშენებული გუგლის" რუკების საშუალებით, ყოველი საფლავის ზუსტი მისამართი და ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია იქნება მითითებული. ასე დაკარგული საფლავის მოძებნა ბევრად მარტივდება", - განმარტავს მაია ხოფერია.


აღნიშნული ინფორმაციის მიღება ოჯახიდან მოხდება. ოჯახის თანხმობით, აიტვირთება ნებისმიერი ვიზუალური თუ ტექსტუალური მასალა. თუმცა იქნება ცენზურაც. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ნეგატიური მასალის განთავსების მცდელობაც შეიძლება გამოვლინდეს. ეს კი ავტომატურად დაიბლოკება.

 

ვფიქრობთ, მოთხოვნა ყველა თაობის ადამიანისგან იქნება. მოგონებას ასაკი არ აქვს. არც სიყვარულს. შედარებით დიდი ასაკის თაობისგანაც ველოდებით დაინტერესებას. ემოცია, რაც ჩვენ შეთავაზებას უკავშირდება, ასაკობრივი ხაზით არ ისაზღვრება", - ამბობს მაჭავარიანი.


ქრონოსის ქვის ფასი 55 ლარიდან იწყება. სტანდარტული ქვა კვადრატის ფორმის შავი გრანიტისაა. მისი ზომაა 10 სმ/10სმ. თუმცა კომპანია მომხმარებელს მწვანე და წითელი ფერის არჩევანსაც სთავაზობს. ასევე, შესაძლებელია სხვა ფორმის ქვის შეკვეთაც.


შეთავაზებების განვითარების საკმაოდ დიდი გეგმა გვაქვს. თუ საქართველოში მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, მის საზღვარგარეთ გატანასაც ვგეგმავთ. ასევე, ვგეგმავთ, რომ იგივე ტექნოლოგია გამოვიყენოთ პანთეონებსა და აქტიურ ტურისტულ ადგილებში. ამ შემთხვევაში მსურველი მიიღებს ინფორმაციას ამა თუ იმ გმირის ისტორიისა ან ისტორიული ძეგლის შესახებ. ის ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ტურიზმის განვითარებისთვისაც ძალიან კარგი იქება, მსგავსი კოდების აქტიურ ტურისტულ ადგილებზე განთავსება. ხშირად დადიან ტურისტები და არ იციან, კონკრეტულად რა ადგილზე არიან ან რა ძეგლს უყურებენ", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.


ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც „ქრონოსი" შეინახავს, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მძლავრ „ღრუბლოვან" (Microsoft Azure) სერვერებზე განთავსდება. ეს კი ინფორმაციის დაცულობას და შენახვის მუდმივობას უზრუნველყოფს.


კომპანიასთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ვებგვერდის (www.qronosi.ge), ისე ტელეფონის (2 880-990) საშუალებით.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი