logo_geo
ხათუნა ხოფერია: ირაკლი ბათიაშვილსა და 9 აპრილის გმირებს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი უნდა მიენიჭოთ
- +

23 აპრილი. 2021. 17:16

 

 

არლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია და 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილსა და 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭოთ.

 

ამის შესახებ ხოფერიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი პრეზიდენტისადმი წერილს მოაწერეს ხელი.

 

როგორც ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომლითაც პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის ჯილდოვდება.

 

ხათუნა ხოფერიას თქმით, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების უფლება პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილებით აქვს.

 

„9 აპრილს დაღუპულების შესახებ სულ მესმოდა: ჩვენი ეროვნული გმირები, ჩვენი გმირი გოგოები, ჩვენი გმირი ბიჭები. შემდეგ დავინტერესდი, მათ ოფიციალურად რა სტატუსი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ისინი ეროვნული გმირები არ არიან. ქვეყანაში არსებობს ეროვნული გმირის ორდენი და მათ ეს ორდენი მიღებული არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, მე ეს ძალიან გამიკვირდა. ამის შემდგომ გადავწყვიტე, პრეზიდენტისთვის მიმემართა და მეთხოვა, რომ ერის, ბერის, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე ეს საქმე გასაკეთებელია.

 

ზოგადად, საზოგადოება, ხალხი ძალიან ბრძენია. ის ყოველთვის ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ვინაიდან 9 აპრილს დაღუპულებს, ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის შეწირულებს ეროვნული გმირების სახელი დაარქვეს, ე.ი. მათ ეს ეკუთვნით. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ.

 

მადლობა ირინა ბათიაშვილს, ირაკლი ბათიაშვილის შვილს, რომელმაც ძალიან იაქტიურა, შემეხმიანა, 9 აპრილს დაღუპულების ოჯახის წევრებს, ვისაც შევძელით, დავუკავშირდით. ვინც შეძლო და აქ მობრძანდა, დიდ მადლობას მოგახსენებთ.

 

სამშობლოსთვის სიკვდილი ყველაზე აღმატებულია, თუ შეიძლება, ითქვას, ყველაზე უფრო მაგარი სიკვდილია, რითაც შეიძლება, ადამიანი გარდაიცვალოს, თავის სამშობლოს შეეწიროს.

 

მივმართეთ პრეზიდენტს, ეს წერილი დღეს ჩაბარდება. ხელმოწერები დაწყებულია. პრაქტიკულად, ყველა ხელს აწერს. მე მიმართვიდან ბოლო წინადადებას წავიკითხავ:

 

„ქალბატონო პრეზიდენტო, მე გთავაზობთ, მიიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, ეროვნულ მოძრაობას, ქართულ ტრადიციებს, ჩვენს ოჯახებს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოსა და უტეხ ქართულ სულს!

 

დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეს საქართველოს!“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

პრეზიდენტისადმი მიმართვაში იმ პირთა სიაა, რომლებსაც, ხოფერიას თქმით, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი უნდა მიენიჭოს. ესენი არიან: ირაკლი ბათიაშვილი – ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, ერთადერთი, ვინც რუსების მიერ სასიკვდილოდ გამეტებულთაგან ცოცხალი გადარჩა. 2. აზა ადამია, 22 წლის; 3. თამარ ჭოველიძე, 16 წლის; 4. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის; 5. ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის; 6. ნატო გიორგაძე, 23 წლის; 7. თამუნა დოლიძე, 28 წლის; 8. თინა ენუქიძე, 70 წლის; 9. ნინო თოიძე, 22 წლის; 10. ზაირა კიკვიძე, 61 წლის; 11. მანანა ლოლაძე, 34 წლის; 12. თამარ მამულაშვილი, 50 წლის; 13. ვენერა მეტრეველი, 45 წლის; 14. მამუკა ნოზაძე, 21 წლის; 15. ნანა სამარგულიანი, 41 წლის; 16. შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის; 17. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის; 18. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; 19. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის; 20. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის; 21. მანანა მელქაძე, 26 წლის; 22. გია ქარსელაძე, 25 წლის.

 

ხათუნა ხოფერიას თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილს დღეს ჩააბარებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი