logo_geo
საქართველოს საელჩო თურქეთში სრული „ლოკდაუნის“ რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
- +

27 აპრილი. 2021. 21:19

 

 

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

 

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე.

 

ამ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებისა, როგორიცაა აფთიაქი, მარკეტი და სხვ. კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში;

 

სურსათის ქსელური მაღაზიები, იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში.

 

ამ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას, მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე.წ. HES კოდი.

 

ამასთანავე, ძალაში რჩება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების ვალდებულება (https://register.health.gov.tr/) .

 

თურქული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნით მყოფ უცხოელებზე. ხოლო უცხო ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააჩნია თურქეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებისმიერი სახის მოწმობა, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს.

 

ზემოაღნიშნული წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, მოქალაქეებს მოემსახურება მხოლოდ საგანგებო - გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის წინასწარი ჩანიშვნის გზით.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26
  4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

 

 

big_banner
არქივი