logo_geo
როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, რომელიც 2-4 მაისს სასაფლაოზე ვერ გავიდა – მამა შალვას რჩევები მორწმუნეებს
- +

4 მაისი. 2021. 15:08

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2-4 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა, რამაც ბევრი ქართველის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

 

 

რა კავშირი აქვს საფლავზე გასვლას ქრისტიანობასთან და რა ფორმით უნდა სრულდებოდეს აღნიშნული ტრადიცია, ამ თემაზე ჩვენ მამა შალვა კეკელიას ვესაუბრეთ.

 

„საფლავი არის წმინდა ადგილი ადამიანისთვის, მეორედ მოსვლის დროს სხეულების აღდგომის ადგილია. ჩვენ უდიდესი პატივისცემა გვაქვს საფლავების მიმართ. ტრადიციად დამკვიდრდა საქართველოში და სასაფლაოებზე აღდგომასაც გადიან, ორშაბათსაც გადიან. რაც შეეხება ფორმას, ბავშვობიდან სასაფლაოს გვერდზე გავიზარდე, ჩემი სახლის გვერდზე სასაფლაო იყო და რაც არ მომწონდა იყო ის, რომ სასაფლაოებზე იმართებოდა ღრეობები, თვრებოდნენ, ეს ფორმა აბსოლუტურად გაუმართლებელია. ქეიფი და ღრეობა რომ იმართება ძალიან მიუღებელი ფორმაა. ხოლო კვერცხი გადააგორო, აღდგომა მიულოცო, შენი პატივისცემა გამოხატო და სანთელი დაუნთო, ეს მისაღები ფორმაა და ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამა შალვამ.

 

მამა შალვას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ აკრძალეს სასაფლაოებზე გასვლა, როცა ის დახურული სივრცე არაა და ვირუსის გავრცელების მხრივ დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

„სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შინაარსს საერთოდ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვხვდები, ჯერ ერთი, სასაფლაო არ არის დახურული სივრცე. ღია სივრცეა, რატომ უნდა აკრძალო, ვერ ვხვდები. ზოგს შვილი ჰყავს გარდაცვლილი, წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს ატარებს, უნდა, რომ საკუთარ შვილს მიულოცოს, მივიდეს“, – განაცხადა მამა შალვამ.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მამა შალვა ამბობს, რომ მორწმუნეებმა სასაფლაოებზე ვერგასვლა ტრაგედიად არ უნდა ჩათვალონ, რადგან მიცვალებულის სული უკვდავია და მასთან სულიერი კონტაქტის დამყარება, მისი პატივისცემა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება.

 

„სული ადამიანისთვის უმთავრესია და ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება სულიერი კონტაქტი. როდესაც პანაშვიდზე ან წესის ასაგებად მივდივარ, სულ ამას ვეუბნები ადამიანებს, რომ გარდაცვალება არ არის საშიში. საგალობელი გვეუბნება, რომ „ქრისტე აღდგა მკდრეთით სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი“. ყველა ადამიანი ცოცხალია ღვთის წინაშე. მარადიული სიცოცხლე აქვთ ადამიანების სულებს და ურთიერთობა სასაფლაოების გარეთაც შეუძლიათ. ძალიან ბევრია, ვინც საზღვარგარეთაა და ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ან დაკარგულ ტერიტორიებზეა საფლავი და ვერ ახერხებენ მისვლას, მაგრამ შინაგანად გამოხატავენ მიცვალებულისადმი პატივისცემას“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

კითხვაზე-  შეუძლიათ თუ არა ქრისტიანებს, რომ სასაფლაოებზე 11 მაისს, მიცვალებულთა ხსენების დღეს გავიდნენ, მამა შალვა პასუხობს, რომ წესით სწორედ ამ დღეს უნდა გადიოდეს ყველა მართლმადიდებელი, თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონში ჩასვლას ვერ ახერხებს, ზოგს სამსახურიდან არ უშვებენ და სწორედ ამის გამო აღდგომა დღეს, როცა ოფიციალურად დასვენების დღეა, გადიან ხოლმე.

 

„ეგ დღე იყო საფლავზე გასვლის დღე. ადრე ზოგი ტაძარი სასაფლაოზე იყო. აღდგომა დღეს სასაფლაოებზეც გადიოდნენ. მეც სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე, აღდგომა დღეს მიწევს ხოლმე ჩასვლა სამეგრელოში, სამშაბათს ვერ ვახერხებ ხოლმე და აღდგომას მივდიოდი ხოლმე საფლავზე. ვისაც რაიონში წასვლა უწევს, ვერ ახერხებს ხოლმე სამშაბათს გასვლას. ზოგს სამსახურებიდანაც არ უშვებენ, მაგრამ წესით, ეს სამშაბათია საფლავებზე გასვლის დღე“, – განაცხადა მამა შალვამ.

 

 

https://primetime.ge/rogor-unda-moiqtses-qristiani-vints-2-4-maiss-sasaflaoze-ver-gavida-mama-shalvas-rchevebi-mortsmuneebs/

 

big_banner
არქივი