logo_geo
მარინა ეზუგბაია: იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ თავიანთ მოქალაქეობრივ ვალს და ყველანი ჩაიტარებენ ვაქცინაციას
- +

6 მაისი. 2021. 11:48

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და რეკომენდაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

 

„მატება ჯერჯერობით შეინიშნება. პიკი როდის იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და დაიცავენ რეკომენდაციების, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი მაღალი, როგორსაც ველოდებით წესით და კანონით. ანუ, ისევ ვსაუბრობთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციების დაცვაზე - პირბადე, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

მან ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პროცესში ცნობილი პირები ჩაერთნენ, მოსახლეობის აქტივობამ მოიმატა. ეზუგბაიამ სამედიცინო პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის მიმართ დაბალი აქტივობის მიზეზიც განმარტა.

 

„ექიმებში და საერთოდ სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი იყო მაღალი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ინფიცირებული და მათთან არ არის გასული 4-თვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის შემდეგ შესაძლებელია ჩატარდეს აცრა. მე იმედი მაქვს, რომ სამედიცინო პირები, ანუ კლინიკაში ნებისმიერ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი გააცნობიერებს თავის მოქალაქეობრივ ვალს და ამ ოთხთვიანი პერიოდის გავლის შემდეგ ყველანი ჩაიტარებენ ვაქცინაციას და კიდევ ერთხელ მისცემენ მაგალითს მოქალაქეებს, რომ აუცილებელია ვაქცინაცია“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

 

big_banner
არქივი