logo_geo
ყველაფერი 11 მაისის ახალმთვარეობაზე
- +

10 მაისი. 2021. 16:34

 

 

 

ხვალ 11 მაისს ახალი მთვარეა. ასტროლოგ დავით ნიბლაძის თქმით, პიკი - 22:59-საათზეა მოსალოდნელი. მისივე განმარტებით, ეს დღე ახალი ცხოვრების დაწყების შანსია.  რამდენადაც ცნობილია, ეს მოვლენა ყველაზე დიდ გავლენას კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანზე მოახდენს. ასტროლოგი ხვალისთვის კუროსთვის დამახასიათებელი სიდინჯისა და სიმშვიდის გამოჩენას გირჩევთ:

 

„11 მაისს ახალი მთვარეა (პიკი - 22:59სთ). ახალი მთვარის დღე არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს გეგმებს, გავაანალიზოთ, რა უნდა მოვიშოროთ და რისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება.

 

ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად.

 

განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ. ახალი მთვარის თვისობრიობასა და გავლენას თითოეულ ჩვენგანზე მისი ნიშანი და კონკრეტული გრადუსი განსაზღვრავს.

 

ახალი მთვარე ამჯერად კუროს 22-ე გრადუსზეა შორი შეერთებით ურანთან და კვადრატით სატურნთან.

 

კურო მიწის სტიქიას მიეკუთვნება და მას ვენერა მართავს, პლანეტა, რომელიც სილამაზესთან, სიყვარულთან, ფულთან, კომფორტთან და ღირებულებებთან ასოცირდება. კუროს უყვარს სიმარტივე და ცდილობს, ბედნიერების მიზეზები ყოველდღიურობაში დაინახოს (თუნდაც გემრიელი საკვებით ან სხვა ტიპის ფიზიკური სიამოვნებით). კურო მიწიერი, პრაქტიკული და ფრთხილია. კურო სწორედ ის ნიშანია, რომელიც მზადაა შრომითა და წარმატების ჯიუტი სურვილით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდეს მიზნისკენ. ეს ნიშანი იმ ხარს წააგავს, რომელიც დილიდან ღამემდე შრომობს. ის აფასებს როგორც საკუთარ, ისე სხვის მონდომებას და ცდილობს, საკუთარი შრომით მიღებული სარგებელი ჭკვიანურად გამოიყენოს. ყველაზე ნაკლებად ალბათ კუროებს შევხვდებით ისეთ ადგილებში, სადაც ფინანსური დანაკარგების რისკი მაღალია. ეს ნიშანი საკმაოდ ფრთხილი და წინდახედულია.

 

კარგ შემთხვევაში, კუროს არანაირი პრობლემა არ აქვს რუტინასთან, ცდილობს, ჯანსაღად იკვებოს, ხარჯვის დროს მაქსიმალურად ითვალისწინებს თავის ფინანსურ გეგმას, ნაკლებად მძაფრი რეაქციები აქვს კრიზისულ სიტუაციებში, მეგობრობს მშვიდ და სტაბილურ ადამიანებთან, მშვიდად იღებს რჩევებსაც და სასიყვარულო ურთიერთობებს ამთავრებს მაშინვე, როგორც არასტაბილურობასა და არასანდოობას იგრძნობს. არამყარ ურთიერთობაში ყოფნას კურო მარტოობას ამჯობინებს. ამ ყველაფერს კი მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ სტაბილურობა მისთვის ტოპ პრიორიტეტია. კუროსგან ბევრი საჭირო რამ შეგვიძლია ვისწავლოთ.

 

კუროს მმართველი პლანეტა ვენერა ამჟამად ტყუპებში იმყოფება. კუროსგან განსხვავებით, ტყუპებში ვენერა უფრო თავისუფლებისა და თავგადასავლების მოყვარული, ლაღი და მხიარულია. თუ კურო ყველაფერს სერიოზულად უდგება და ურთიერთობის განვითარებისთვის მეტი დრო სჭირდება, ტყუპებისთვის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაც კი საკმარისია. მას არ სჭირდება ბევრი დრო, ის არ დაიწყებს სიღრმისეულ შეფასებებს და დიდად არც სამომავლო გეგმებს დასახავს. ეს არის ფლირტის, ახალი ნაცნობების, ზედაპირული კავშირებისა და გართობის დრო. განტვირთვისთვის და არსებულ ურთიერთობებში ახალი ენერგიის შემოსატანად მშვენიერი იდეაა ქალაქგარეთ მოკლევადიანი გასვლები. რომ არა კოვიდი და არსებული მდგომარეობა, აუცილებლად ვახსენებდი მეგობრულ შეკრებებსაც, მაგრამ ჯობია ისევ ონლაინ მეგობრობას დავჯერდეთ რაც შეეხება ახალი მთვარის ასპექტებს ურანთან და სატურნთან, რომელიც იდეაში ახალი თემა არ არის და ძალიან წააგავს შარშანდელი გაზაფხულის ენერგიას ახალი მთვარე კუროში მშვიდი, სტაბილური, შედარებით ნელი და აუღელვებელია, თუმცა მთელი მისი ბუნება იცვლება ურანთან შეერთების გამო.

 

თუ კურო სტაბილურობის მიღწევას ცდილობს, ურანი პირიქით, ცვლილებების, რევოლუციური მიდგომებისა და ამბოხის მხარდამჭერია. ასტროლოგები ურანის კუროში გადასვლისთანავე ვსაუბრობდით იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკასა და ვაჭრობაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები გველოდებოდა მომდევნო წლების განმავლობაში. რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოურ გამოცდილებაზე, ესესაა ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნაზე იწყებს მუშაობას.

 

ასეთი შოკის მომგვრელი ხასიათით გამოირჩევა ურანი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმ ნიშნის თვისებებისგან, რომელშიც იმყოფება. ურანი კუროში არღვევს რუტინას, ცვლის ტემპს, ანგრევს ძველ ღირებულებებს და ცდილობს, ყველაფერი სხვა თვალით დაგვანახოს ახალ მთვარესთან და ურანთან კვადრატს ქმნის სატურნი, რომელიც მერწყულშია. სატურნის ასეთი ასპექტი ხშირად იწვევს იმედგაცრუებას, ტემპის კიდევ უფრო შენელებას, ფინანსურ თუ ემოციურ კრიზისს და ყველა ჩვენგანისგან მოითხოვს უფრო მეტ წინდახედულობას, დისციპლინასა და ზომიერებას. ურანი რევოლუციონერია, სატურნი კი სტაბილურობისა და სიმყარის მხარდამჭერი. ჩვენ, ყველას გვჭირდება ცხოვრებაში სტაბილურობაც და სიახლეებიც, შეზღუდვებიც და თავისუფლებაც. ეს ასპექტი კი სწორედ ამ ორს შორის ბალანსის დაცვას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

 

ახალი მთვარე მჭიდრო შეერთებაში იმყოფება ლილიტთან, რამაც ახალი მთვარის ენერგიით გამოწვეული უენერგიობა, დაბნეულობა და აგრესია შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს. ნუ ავყვებით ემოციას იქ, სადაც არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. ნუ ავჩქარდებით დასკვნების გაკეთებისას და სანამ ნაბიჯს გადავდგამთ, კარგად დავფიქრდეთ და დავრწმუნდეთ, რომ რაც და როგორც გვგონია, ნამდვილად ასეა. აქ გვჭირდება სწორედ კუროს სიმშვიდე, სიდინჯე და წინდახედულობა.

 

ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ყველა ნიშანს ეხება, თუმცა, თუ თქვენს ჰოროსკოპში პირადი პლანეტები ან კუთხოვანი სახლები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) 17-27 გრადუსებს შორისაა, ახალი მთვარის გავლენას სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი