logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტების და ექიმების ნაწილის არასწორმა პოზიციამ გამოიწვია, რომ პროცესი შეფერხდა
- +

10 მაისი. 2021. 22:25

 

 

„პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება შემთხვევების მატება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

ცერცვაძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

„ახლა ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში არის სერიოზული მესამე ტალღა, რომელსაც საქართველოც ვერ ასცდა. საქართველომ უფრო დიდხანს შეინარჩუნა სტაბილური მდგომარეობა, თუმცა ბოლო თვის მანძილზე შეინიშნება შემთხვევათა საგრძნობლად მატება, გარდაცვალების შემთხვევების მატებაც. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500 ინფიცირებულის დონეზე. კლინიკური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა მესამე ტალღას. პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად. მიუხედავად პაციენტების დიდი რაოდენობისა, დღეს მაგალითად 16 ათასზე მეტი აქტიური პაციენტია. ამის მიუხედავად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, ან ონლაინ კლინიკების მომსახურებაში, ან სასწრაფო დახმარების სისტემაში. მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება შემთხვევების მატება კიდევ უფრო გაიზარდოს და პროცესები გახდეს უმართავი, ისე როგორც ეს მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, ამ დრომდე ქვეყანაში დაბალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი, ახლა კი ყოველდღიურად იზრდება მსურველთა რიცხვი, თუმცა ესეც ცოტაა.

 

„იმისთვის, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, საჭიროა, გაორმაგდეს ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რიცხვი. საზოგადოება შემობრუნდა ვაქცინაციისკენ და ყოველდღიურად ემატება ვაქცინაციის ბრიგადები და კაბინეტები. ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რომ პროცესი იყოს წარმატებული. ვაქცინების სრულიად საკმარისი რაოდენობაა შემოტანილი. ჩვენ გვქონდა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, რომელიც დიდი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში შეიცვალა პოზიცია ამ ჩინური ვაქცინის მიმართ. საქართველოს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ჯერ კიდევ იანვარში დაგვეწყო ვაქცინაცია სწორედ ამ ჩინური ვაქცინით, მაშინ სხვა ვაქცინების შემოტანა ვერ ხერხდებოდა, თუმცა ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტების და ნაწილი ექიმების მიერ დაკავებულმა არასწორმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ამ მცდელობას დაწყებულიყო ვაქცინაციის პროცესი სერიოზული პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ვაქვინაციის პროცესი შეფერხდა და დაიწყო მარტში. ჩვენ რომ ეს დაგვეწყო იანვარ-თებერვალში, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. მესამე ტალღის აღმავალი ფაზა კი არ გვექნებოდა, არამედ პირიქით, უკვე გვექნებოდა მისი დაღმავალი ფაზა და ბევრად ნაკლები იქნებოდა შემთხვევების რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

big_banner
არქივი