logo_geo
იაპონიის ელჩის იმამურა აკირას პირველი ვიზიტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
- +

15 მაისი. 2021. 13:24

 

 

ამ კვირას იაპონიის ელჩი იმამურა აკირა ეწვია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გახსნა პროექტი „სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიული ტექნიკის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას გადაეცა 69,500 აშშ დოლარის ღირებულების ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, გააკეთოს ლაბორატორიული სინჯები და მიიღოს ხარისხის სერტიფიკატი, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და კვების უსაფრთხოებას საქართველოში.

 

ელჩი იმამურა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, მალხაზ თორიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩავიდა და კიდევ ერთხელ გამოხატა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ელჩმა მოინახულა ენგურის ჰიდრო-ელექტრო სადგური, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ასევე ეწვია ფოცხო ეწერის დევნილთა დასახლებას, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, მალხაზ თორიასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან, ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო დასახლებაში და რეგიონში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პანდემიის პირობებში. ელჩმა იმამურამ, კიდევ ერთხელ გამოხატა იაპონიის მზაობა, გააგრძელოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა.

 

ელჩის ვიზიტის გამორჩეული ნაწილი იყო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის და დადიანების სასახლის მონახულება, რომლის სიამაყეა ანტიკური საბერძნეთისა და კოლხეთის კულტურის ამსახველი იშვიათი მასალები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი და ნაპოლეონ I-ის ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც სულ 4 ეგზემპლიარი არის მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ დადიანების სასახლის საგამოფენო დარბაზების განახლება 2010 წელს იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

big_banner
არქივი