logo_geo
მაკა რაზმაძე: მისგან ვისწავლე, რომ ადამიანებს არასდროს არ უნდა გადაუხადო სამაგიერო
- +

21 აპრილი. 2017. 01:31



„ეს იყო და არის კაცი ლეგენდა!"- ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, „ქართულ აზრთან" საუბრისას ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას იხსენებს.

 

„ჩემზე ამბობდა  ხოლმე -  ეს ჩემი პატარა მეგობარიაო და გული დღემდე სიამაყით მევსება ამის გამო. სად აღარ დავყავდით ახალგაზრდები. ნახევარი საქართველო მასთან ერთად მაქვს შემოვლილი. მერაბი უმეტესად ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო ხოლმე. საოცარი ადამიანები იყვნენ... მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ასეთ საოცარ ადამიანს.

 

მერაბი იყო ადამიანი, რომელიც თითქოს არც იყო დედამიწაზე. სიკეთით დაფრინავდა ჰაერში. ასეთი კეთილი, ასეთი არამომხვეჭელი  ადამიანი, მე ცხოვრებაში აღარასდროს მინახავს. ის იყო ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი ენანებოდა სხვისთვის.

 

ერთხელ მეც იქ ვიყავი, როცა ძვირფასი ფეხსაცმელი მოუტანეს საჩუქრად და არ მიიღო. მე რად მინდა, აი, მე მაქვსო ჩემი, 13 მანეთი ღირს და მყოფნის, ეს ვინმე გაჭირვებულს აჩუქეთ, იმას უფრო სჭირდებაო.  

 

უყოყმანოდ და თავისუფალად შეეძლო, ყველაფერი დაეთმო სხვისთვის. მის სახლში ვის ეძინა, ვინ რჩებოდა, ვის რას ატანდა... ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მერაბისგან ვისწავლე ისიც, რომ ადამიანებს არასდროს არ უნდა გადაუხადო სამაგიერო. ვისწავლე, რომ გაბოროტებული და გამწარებული ადამიანი არის მის სამიზნეზე უფრო ცოდო... ის მტრებსაც კი, როგორც საწყალ ადამიანებს, ისე უყურებდა. „ჩვენ ვებრძვით სისტემას და არა ადამიანებს, რადგან ადამიანებიც ამ სისტემის მსხვერპლნი არიანო", - ხშირად უთქვამს.

 

ასეთი ადამიანი იყო მერაბი. გული მწყდება, რომ თამთა, მისი შვილი, რომელიც ჩემი მეგობარია, დღეს ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.  თამთა არ ცხოვრობს ნორმალურ პირობებში. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ იმუშავებს, თორემ ამას არ ვიტყოდი. ამიტომაც მგონია, რომ მერაბ კოსტავას ერთადერთ შვილს, სახელმწიფოსგან მეტი ეკუთვნის, ვიდრე დღეს აქვს.

 

ერთ დეტალს გავუსვამ კიდევ ხაზს - თამთას მუზეუმზე სწყდებოდა გული... მერაბ  კოსტავას სახლი მუზეუმად, სახელმწიფო ორგანიზაციად გადაკეთდა და ამ მუზეუმში თამთას არ უშვებდნენ. დამირეკა, გულნატკენი იყო... ტიროდა. მას ქონება არ სჭირდება, მერაბისნაირია...  თამთას ყურადღება სჭირდება."



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:



http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6946

 

 

 

big_banner
არქივი