logo_geo
Variety: საქართველო კინოინდუსტრიის ნამდვილი აღმოჩენაა
- +

21 აპრილი. 2017. 01:56



გავლენიანი გამოცემა Variety საქართველოს კინოინდუსტრიის ყველაზე ცხელ წერტილს უწოდებს.


„მთიანი ქვეყანა, რომელიც აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს - სტუმარს განსხვავებული კულტურების ნაზავსა და უნიკალურ ხედებს სთავაზობს. საქართველო ნამდვილი აღმოჩენაა და მისით საერთაშორისო დონის კომპანიები ინტერესდებიან. ქართულ ბაზარზე არსებული საკმაოდ დაბალი ფასები კი ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის", - წერს გამოცემა.


საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით შეიმუშავა წამახალისებელი პროგრამები კონკრეტული ინდუსტრიების განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სფეროების ხელშეწყობისათვის.


შესაბამისად, საქართველოში გადაღებების წარმოება სასიამოვნოსთან ერთად მომგებიანი პროცესიც გახდა. საერთაშორისო პროდიუსერებს საშუალება მიეცათ პროგრამის, გადაიღე საქართველოში, ფარგლებში წამახალისებელი, ე.წ. Cash Rebate მექანიზმის დახმარებით აინაზღაურონ გადაღებებზე გაწეული ხარჯების 20%, ხოლო ე.წ. კულტურული ტესტის გავლის შემთხვევაში კი დამატებით 5% დაიბრუნონ უკან, რაც მაგალითისთვის ადგილობრივი მსახიობების წამყვან როლებზე დამტკიცებას, ქართული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენასა და სხვა კულტურულ შტრიხებზე ყურადღების გამახვილებას მოიაზრებს.


ეს ყველაფერი კი, სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიების არსებობასთან ერთად, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს მომსახურების ფართო სპექტრს, ხმის, განათებისა და სხვა მაღალი დონის აპარატურის სახით, სთავაზობენ, საქართველოს საკმაოდ მიმზიდველს ხდის და პროდიუსერების მაღალ ინტერესს იწვევს ბოლივუდიდან და ჰოლივუდიდანაც კი.


ექსპერტთა აზრით, მსოფლიო დაიღალა ერთი და იმავე ქვეყნებით და დადგა დრო, რომ ეკრანებზე აზიური, ევროპული და საბჭოთა სტილების ნაზავით შექმნილი საქართველო გამოჩნდეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი