logo_geo
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს
- +

18 მაისი. 2021. 02:59

 

 

დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

 

„16 მაისის საღამოს ქალაქ დმანისში, მოქალაქეებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, სამწუხაროდ, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტიდან გამომდინარე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან განხორციელდა სათანადო რეაგირება, სამართალდამცავი სამსახურების მიერ კომპეტენციის თანახმად დაძაბულობის დეესკალაციისთვის გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები და გატარდა სამართლებრივი ზომები.

 

მიუღებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები, რაც მიზანმიმართულად თუ უნებლიედ, შესაძლოა აღნიშნული ინციდენტის ეთნიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობას ემსახურებოდეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.

 

მივესალმებით ინციდენტის აღმოფხვრას და რწმენას გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განსამტკიცებლად, რაც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია”, - ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი