logo_geo
მაკა რაზმაძე: არავის ვათქმევინებ ვეტერანებზე გადაკრულ სიტყვას! რადგან მაშინ თვითონ ბუჩქებში იმალებოდნენ!
- +

21 აპრილი. 2017. 02:36



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, „ქართულ აზრთან" საუბრისას აფხაზეთის ომში დაღუპულ ძმას იხსენებს.


„გიორგი 18 წლის იყო...მწვანეთვალება, მაღალი, სიმპათიური.... იმ დღეს, მისი დაბადების დღე იყო - 3 ივლისი. მე სოხუმში ვიყავი. დედაჩემმა დამირეკა შტაბში - გიორგი რაჭაში წავიდა ბიჭებთან ერთად და არ ჩანსო. გულმა ცუდი მიგრძნო. მაშინვე  დავბრუნდი თბილისში. ვეძებდით... მესამე დღეს სოხუმიდან დამირეკეს... ბრძოლის წინა ხაზიდან 30 მეტრის იქით უპოვიათ დაღუპული... ჯერ დაკრძალული არ იყო და საშკა იოსელიანმა ჩამომიტანა კადრები... - „გზაში ერთად მივდიოდით, არ  ვიცოდი, რომ შენი ძმა იყო, რომ შევხედე, გავიფიქრე - ეს რა ლამაზი ბავშვები არიანო". ჩემი ძმა და მისი მეგობრები იყვნენ... 17-18 წლის ბიჭები. -„გადაღება დავიწყე - ნახოს საქართველომ, რა ლამაზი ბიჭები არიან ჩვენი მეომრებიო. მთხოვეს - სახლში არ იციან და კადრში არ მოგვახვედროო". ამიტომაც ცოტა კადრები ჰქონდა და მომიტანა. სვეტიცხოველში შეუვლიათ, უწმინდესს ჯვრები დაურიგებია... ეს კადრებიღა დამრჩა...

 

ამ ტრაგედიის შემდეგ, ისევ წავედი... მაგრამ ომი მალე დამთავრდა. დაახლოებით ორ თვეში.

 

ჩვენი ოჯახი გიორგის ამბის მერე განადგურდა. მამაჩემი გადაჰყვა ამ ამბავს. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ორმეტრიანი კაცი რამდენიმე თვეში აღარ იყო... დეპრესიული სიკვდილი დაუდასტურდა. მთელი ოჯახი დავიშალეთ, გავნადგურდით. ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელი ქუჩაშიც არ გამოვდიოდი. საერთოდ არ მეგონა, თუ ამის მერე ან გავიცინებდი, ან ვიცხოვრებდი... საერთოდ აღარაფერი აღარ მინდოდა. თუმცა მერე, წლების შემდეგ მივხვდი, რომ როდესაც ცოცხალი რჩები, ან მაშინვე უნდა გაჰყვე იმ ადამიანს და აღარც შენ დარჩე ცოცხალი, ან თუკი რჩები, მერე უკვე ცოცხლების კანონებით უნდა იცხოვრო და არავინ შეაწუხო შენი ტრაგედიით. და მეც განვაგრძე ცხოვრება...

 

ომს არ აქვს არანაირი გამართლება, მაგრამ  ყველა ის ადამიანი, ვინც იმ ომში წავიდა, იბრძოლა, დაიღუპა, თუ ცოცხალი ჩამოვიდა - არ აქვს მნიშვნელობა... ჩემთვის არის გმირი. როდესაც მიდიხარ საკუთარი სამშობლოს დასაცავად, ხარ გმირი! და სრულიად შემთხვევითობაა, რომ ის ტყვია მოხვდა შენს გვერდზე მდგომს და არა შენ.  ამიტომ სადაც ვარ, იქ არასდროს არავის ვათქმევინებ  მეომრებზე და ვეტერანებზე თუნდაც გადაკრულ სიტყვას. მეომარზე ცუდის თქმა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც თავისი თვალით არ აქვს ნანახი, როგორ გმირობებს სჩადიოდნენ ჩვენი მეომრები - რადგან მაშინ თვითონ  ბუჩქებში იმალებოდნენ, ქვეყნიდან  გარბოდნენ... ასეთები დღეს რომ მეომარ ბიჭებზე იწყებენ ლაყბობას, არ შემიძლია, შევეგუო და ყოველთვის გავცემ სათანადო პასუხს."


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6946



 

big_banner
არქივი