logo_geo
ქართული იარაღის ბოლო ოსტატი თელავიდან
- +

24 მაისი. 2021. 01:46

 

 

სამწუხაროდ, ბოლო ოსტატი ვარ კახეთში და ჩემს ცოდნას ვერავის ვუზიარებ – ქართული იარაღის ბოლო ოსტატი თელავიდან.

 

ჯემალ სანდოშვილი ახლა უკვე 72 წლისაა.

 

 

 

უძველესი ქართული იარაღის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ თელაველი ოსტატის ფაქიზი ხელით დამზადებულ ნაკეთობებს ბადალი არ აქვს. უძველესი ქართული ორნამენტებით ამოჭრილი ხმლები და ხანჯლები, ერთმანეთს არ ჰგავს.

 

 

 

თავად ჯემალ სანდოშვილი “პრაიმტაიმთან” ყვება, რომ იარაღის შექმნას, სიყვარულსა და დიდ მოთმინებასთან ერთად, დაკვირვებული თვალიც სჭირდება.

 

 

 

” ეს დიდი მოთმინებითა და მახვილი თვალით გასაკეთებელი სამუშაოა. სათითაო ორნამენტს, ყველა დეტალს, ფაქიზად მიდგომა სჭირდება. ზოგჯერ, ერთი ხანჯლის გასაკეთებლად, ერთი თვეც დამჭირვებია. ასაკის მატებასთან ერთად, თვალიც ხომ სუსტდება, ამიტომ დიდხანს და დიდი რუდუნებით ვმუშაობ, ყველაფერს გულდასმით ვაკვირდები და რაც მთავარია, სიყვარულით ვაკეთებ.”

 

 

 

განთქმული ოქრომჭედელი, თელავის სამხატვრო სკოლის პირველი გამოშვების ჯგუფს ეკუთვნის. პროფესიით ისტორიკოსმა, ქართული იარაღის დამზადება- რესტავრაცია 24 წლის ასაკში დაიწყო.

 

 

 

” ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა. ექსკუსიებზე, სხვები თუ მაღაზიებში წავიდოდნენ, მე, მუზეუმებსა და გალერეებს ვათვალიერებდი. ვკითხულობდი, შესაბამის ლიტერატურას. თელავში განთქმულ ოსტატთან, ალექსი კევლიშვილთან დავდიოდი- ხოლმე, მაგრამ მორიდებული ვიყავი, ცოდნის გაზიარება ვერ ვთხოვე, მხოლოდ ვაკვირდებოდი. ასე დავიწყე ჩემი საქმე, ოღონდ პირველად, ფრანგული შპაგა დავამზადე.”

 

 

 

ორნამენტის ჭრის ხელოვნება ოსტატმა ცალკე შეისწავლა. მის ნამუშევრებზე უამრავი უძველესი, ქართულ- კავკასიური და მის მიერვე შექმნილი ორნამენტებია ამოკვეთილი. ამბობს, რომ მის ხელში ათასობით იარაღს გაუვლია და ყველაზე ძველი, მათ შორის, XVII საუკუნის იყო.

 

 

 

“არიან ოჯახები, რომლებიც ასეთ უძველეს იარაღს ფლობენ. თელავში არის ოჯახი, რომელსაც ხმლებით, ხანჯლებით და მუზარადებით სავსე, მდიდრული კოლექცია აქვს. უძველესი იარაღი როცა მოაქვთ, ზუსტად იმ ორნამენტზე უნდა იმუშაო, დახვეწო, სული და გული უნდა ჩადო. თუ სადმე, ძველი, ჩვენი წინაპრებისგან შემორჩენილი ორნამენტი მხვდება, ყველაფერს ვსწავლობ, ადრე ვიხატავდი ხოლმე. ძირითადად, ვერცხლითა და თითბერით ვმუშაობ. სამწუხაროდ, აღარ იშოვება კამეჩის, ირმისა და ჯიხვის რქა, რისგანაც ხანჯლის ტარი მზადდება. ეს ყველაფერი თანამედროვე მასალამ შეცვალა და ბოლო დროს, ისიც ნაკლებად შემოდის.”

 

 

 

ჯემალ სანდოშვილის უდიდესი სურვილი, საკუთარი ცოდნის ახალგაზრდობისთვის გაზიარება და ისეთი სკოლის გახსნაა, სადაც ქართული იარაღის დამზადების ხელოვნებას, თაობებს შეუნახავენ.

 

 

 

” ამის შესწავლა იაფი არ არის, ათასნაირი მასალა სჭირდება, რომელიც ძვირია. შესაძლოა, ვინმეს აინტერესებდეს, მაგრამ გაჭირვებაა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ეს საქმე არ დაიკარგოს. დაინტერესებულო ახალგაზრდებისათვის სკოლა დააფინანსოს და თუნდაც ჩემი ცოდნა, ვინმეს დავუტოვო. ქართული იარაღის დამზადებას, განსაკუთრებული უნარი სჭირდება და ნიჭიერი ახალგაზრდები უნდა მოინახოს.”

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი