logo_geo
ივანე ჩხაიძე: დიდ ბრიტანეთში ბრიტანული შტამი მთლიანად ჩანაცვლდა ინდურით - ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოშიც ანალოგიური მოხდეს
- +

4 ივნისი. 2021. 16:17

 

 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ განახლებული მონაცემების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ბრიტანული შტამი, დომინანტობის თვალსაზრისით, ინდურმა ჩაანაცვლა.

 

„ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ახალ შტამებთან დაკავშირებით გვაქვს, ყოველთვის გულისხმობს იმას, გახდა თუ არა რომელიმე შტამი სადმე წამყვანი, დომინანტი. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში, ჩინური შტამი მთლიანად ჩანაცვლდა ბრიტანულით. თუ მეორე ტალღა მხოლოდ ჩინური შტამით იყო განპირობებული, ახლა, მესამე ტალღის შემთხვევაში, ძირითადად, ფიქსირდება ის შტამი, რომელიც ევროპის ბევრი ქვეყნისთვის გახდა წამყვანი. ესაა ბრიტანული შტამი“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

 

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ინდური შტამი 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს, მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო მასზე აქტიური მეთვალყურეობა, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს განაპირობებდა ინდოეთში, ყოველდღიურად, ინფიცირებულთა რაოდენობის თითქმის ათჯერად ზრდას.

 

„რამდენიმე საათს წინ გამოქვეყნდა მონაცემები, რომელიც მიუთითებს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი დიდ ბრიტანეთში უკვე გახდა ინფიცირების შემთხვევათა ძირითადი განმაპირობებელი. ამ ქვეყანაში ბრიტანული შტამი მთლიანად ჩანაცვლდა ინდურით. რა თქმა უნდა, ეს შტამი ჩვენთვის ნაკლებად სასიამოვნოა, რადგან შეიცავს გარკვეულ რისკებს - გადაცემის უფრო სწრაფი ტემპის თვალსაზრისით. ამიტომ, დიდ ბრიტანეთში ამ ფაქტის დაფიქსირება არასასიამოვნოა, რადგან შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც აღინიშნოს ანალოგიური ტენდენცია. გასათვალისწინებელია, დიდი ბრიტანეთის საჰაერო მიმოსვლა ინდოეთთან ძალიან ინტენსიურია, ამიტომ ,ამის რისკები იყო. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოშიც ანალოგიური მოხდეს, მაგრამ სიფრთხილის ზომები აუცილებელია. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი