logo_geo
დღეს, კახი კავსაძე 86 წლის გახდებოდა
- +

5 ივნისი. 2021. 10:51

 

 

დღეს კახი კავსაძე 86 წლის გახდებოდა. ასევე დღეს, მისი გარდაცვალებიდან 40 დღეა გასული.

 

მსახიობი 27 აპრილს გარდაიცვალა, რომელიც საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.

 

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს თბილისში დაიბადა. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება - სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც გარდაიცვალა.

 

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებში, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

 

სცენაზე განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: ადამი („ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია („გუშინდელნი"), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა"), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III"), კენტი („მეფე ლირი"), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი") და სხვ.

 

კახი კავსაძე გადაღებულია მრავალ ფილმში, მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა მისი კინოგმირები: ელიბო -„ღვინის ქურდები", აბდულა - „უდაბნოს თეთრი მზე", დონ კიხოტი - „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი", კოლა - „სიყვარული ყველას უნდა", ბრიგადირი - „სამოთხის გვრიტები", იორამი - „ნატვრის ხე"  და მრავალი სხვა.

 

1981 წელს კახი კავსაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2008 წლის 23 ოქტომბერს შოთა რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ვარსკვლავი.

 

 

big_banner
არქივი