13 ივნისის სტიქიიდან დღეს 6 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.
სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.