logo_geo
თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს
- +

15 ივნისი. 2021. 15:45

 

26 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

ინფორმაცია ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშე ჯონ ფერმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა მიაწოდეს.

 

მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ - FINA საქართველოს პირველად მიანიჭა. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები: აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

 

მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1-ელ ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. „ა“ ჯგუფში ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან.

 

big_banner
არქივი