logo_geo
NATO-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილის ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში
- +

18 ივნისი. 2021. 12:04

 

 

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ. დღეს, NATO-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ. მინისტრის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ NATO-ს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მხარეებმა NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში NATO-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, მათ შორის NATO-საქართველოს სწავლების NATO-GEO 2022 საქართველოში ჩატარებას. განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს NATO-ს ოპერაციებში NATO-ელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლება. სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ წელს პირველად, NATO-ს სახმელეთო სარდლობაში პარტნიორი ქვეყნებისათვის გამოყოფილ საშტაბო პოზიციაზე ქართველი ოფიცერი იმსახურებს.

 

დღესვე, NATO-ს სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი სწავლებები დეტალურად განიხილეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ კრიპველი NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.

 

 

right_banner big_banner
არქივი