logo_geo
თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართება
- +

18 ივნისი. 2021. 15:27

 

 

ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 19 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით, სოლიდარობის მარში გაიმართება.

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში 80 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლი, ამერიკის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ავსტრიის ელჩები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

20 ივნისს, მსოფლიოში ლტოლვილთა დღე 2000 წლიდან აღინიშნება, როდესაც გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ შესაბამისი 55/76 რეზოლუცია მიიღო.

 

20 ივნისი არის დღე, როდესაც მსოფლიო აღნიშნავს მილიონობით ლტოლვილის სიმამაცესა და გამძლეობას და სოლიდარობას უცხადებს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა კონფლიქტის, ძალადობისა და დევნის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, ახლობლები და უცხო ქვეყანაში ცხოვრება თავიდან დაეწყოთ.

 

2021 ლტოლვილთა მსოფლიო დღე ყურადღებას ამახვილებს ინკლუზიის მნიშვნელობაზე. COVID-19-პანდემიამ გვაჩვენა, რომ ერთად უნდა ვიდგეთ და ყველამ წვლილი შევიტანოთ ერთმანეთის დაცვაში. ლტოლვილთა მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანიც სწორედ ამაზეა - „ ერთად ყველაფერს შევძლებთ“.

 

 

right_banner big_banner
არქივი