logo_geo
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა უკვე საქართველოშია
- +

10 ივლისი. 2021. 11:11

 

 

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.

 

ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც, გარკვეული ხარვეზების გამო, მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.

 

მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.

 

ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით, ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია.

 

ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა. საქართველომ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 374 836 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 357 804, გარდაიცვალა 5 421 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

big_banner
არქივი