logo_geo
რა შემთხვევაში შეიძლება პირველი და მეორე ინექციის სხვადასხვა კოვიდვაქცინით ჩატარება და განიხილება თუ არა მესამე დოზის საჭიროება
- +

13 ივლისი. 2021. 13:18

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, შეიძლება თუ არა, პირველი და მეორე ინექცია სხვადასხვა კოვიდვაქცინით ჩატარდეს. ამასთან, ისაუბრა, განიხილება თუ არა სამეცნიერო სფეროში ვაქცინის მესამე დოზის, ანუ ე.წ. „ბუსტერის“ საჭიროება.

 

„ჯერჯერობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ როდესაც პირველ ინექციას ერთი ვაქცინით იწყებ, მეორე ვაქცინაც გაკეთდეს იმავე ვაქცინით, თუ პირველ ინექციაზე არ იყო განსაკუთრებული გვერდითი რეაქცია. თუ იყო განსაკუთრებული გვერდითი რეაქცია, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინის შეცვლასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს არაერთი კვლევა ვაქცინის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით - როცა ვაქცინაცია ერთი ვაქცინით იწყება და შემდეგ კეთდება სხვა, მაგრამ, ჯერჯერობით, მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები არ არის. ამიტომ, დღეს რეკომენდაციაა, რომ რითაც დაიწყე ვაქცინაცია, იმითვე გააკეთე მეორე, თუ პირველ ინექციაზე არ იყო მძიმე ალერგიული ან სხვა ტიპის გვერდითი რეაქცია. რაც შეეხება ვაქცინის მესამე დოზას, ანუ ე.წ. „ბუსტერს“; ამაზე ახლა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ჯერ არაა შეთანხმებული, გადატანის ან პირველი, მეორე ინექციის შემდეგ, რამდენ ხანს გრძელდება ე.წ. ხელოვნური იმუნიტეტი. უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ეს 6-8 თვე გრძელდება. ამიტომ, შესაძლებელია, რომ, ისევე, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში, დადგეს ე.წ. ბუსტერის საჭიროება, რომელზეც დღეს სერიოზული განხილვები და მსჯელობები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

big_banner
არქივი