სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ბრალდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის შვილს დავით სესიაშვილს, რომელიც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობს, წარსულში სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი.
„დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი მიღებულ იქნა სამსახურში", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.