logo_geo
6 დასახელების ქართულ ღვინოს ექსპორტზე უარი ეთქვა
- +

13 ივლისი. 2021. 17:36

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ინსპექტირების ერთი თვის შედეგები გააცნო. ღვინის კომპანიებთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სააგენტოს ინფორმაციით, 42 საინსპექციო კონტროლის შედეგად აღებული 62 ნიმუშიდან არადამაკმაყოფილებლად 6 ნიმუში შეფასდა, შესაბამისად, აღნიშნულ ღვინოებს უარი ეთქვა ექსპორტზე.

 

ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს, რომ ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ქართული ღვინის ხარისხი უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

 

ივნისიდან, ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS“ და „Bureau Veritas” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ.

 

2021 წლის მეორე კვარტალში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებულია 200 ნიმუში, რომელთა კვლევა ამჟამად მიმდინარეობს.

 

ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 19 კომპანიაში; აქედან, ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებს.

 

ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 68 დეგუსტაცია: 3220 ნიმუშიდან 169 შეფასდა უარყოფითად, 3051 - დადებითად.

 

big_banner
არქივი