logo_geo
ზურაბ ხონელიძე: მსურს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, იუბილე მივულოცო მართლაც დიდ ქალბატონს – ნანი ბრეგვაძეს
- +

21 ივლისი. 2021. 22:44

 

ქართული ესტრადის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე. მისალოცი წერილი სოხუმის  უნივერსიტეტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

 

“ქართული ესტრადისა და მუსიკალური სკოლის ლეგენდას, გნებავთ – ვარსკვლავს, მწვერვალს, ქალურობის სიმბოლოს, უსაზღვროდ ნიჭიერ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს 85 წელი შეუსრულდა. უკვე 65 წელიწადია, რაც არაერთი თაობის მსმენელი ტკბება ქალბატონი ნანის დახვეწილი და სასიამოვნო ტემბრით შესრულებული კლასიკური რომანსებითა და ლირიკული ხასიათის სიმღერებით. საოცარი სინაზე და ჰუმანურობა გამოსჭვივის, ჟღერს მისი სიმღერებიდან. ქალბატონი ნანი გამოირჩევა შესრულების ორიგინალური მანერით, რაც ეგზომ აღმატებულად და სასიამოვნოდ მოქმედებს მსმენელზე.

წლებია, ქალბატონ ნანის და მის ოჯახს ვიცნობ. ვმეგობრობ. ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ მართლაც გამორჩეულ ადამიანებთან. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ მხოლოდ.

შარშან ჩვენი უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო საფეხური დაასრულა ერთმა მშვენიერმა და წარჩინებულმა სტუდენტმა. რექტორის კაბინეტში დიპლომების გადაცემის ცერემონიალია. როდესაც მისი დიპლომი მომაწოდეს გადასაცემად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი სტუდენტი დიდი ნანის სრული სეხნიაა. სხვა ოთახში გავედი, ქალბატონ ნანის დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთ მშვენიერ გოგონას, სახელად ნანი ბრეგვაძეს ახლა კურსდამთავრებულის დიპლომს გადავცემდით. ქალბატონო ნანი, იქნებ, დაულოცოთ გზა პატარა ნანის, – შევთავაზე. თანხმობაც უმალ მივიღე. შევბრუნდი ოთახში და ახალგაზრდას ვუთხარი, რომ მასთან გასაუბრება სურდათ. ქალბატონი ნანის ხმის გაგონებისთანავე ბედნიერებით გაუბრწყინდა თვალები უმცროს სეხნიას: დიდმა ნანიმ პატარა ნანის გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე.

მე მჯერა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ნანის მისი სახელოვანი სეხნიის ლოცვა უნათებს გზას, ის დიდი ნანი ბრეგვაძის სურვილებს გაამართლებს და თვითონაც სახელოვანი ნანი ბრეგვაძე გახდება.

მსურს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, იუბილე მივულოცო მართლაც დიდ ქალბატონს – ნანი ბრეგვაძეს და ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერ წელთა სიმრავლე.

საქართველო ბედნიერია – მას ნანი ჰყავს!”, - ნათქვამია მისალოც წერილში.

 

right_banner big_banner
არქივი