logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ანალიზს ეფუძნება
- +

22 ივლისი. 2021. 15:54

 

 

თავდაცვის უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას მინისტრმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული დონის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ განსაზღვრავს.

 

მინისტრმა უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების მთავარ გამოწვევად რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები დაასახელა, რეგიონული და გლობალური მასშტაბით არსებული გამოწვევებიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ამ ფონზე თავდაცვის სამინისტროს მიდგომები გამოწვევებთან ადაპტირებას, საკუთარი თავდაცვის პოლიტიკის არსებულ მოცემულობასთან მისადაგებას ეფუძნება.

მინისტრმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიდგომად ტოტალური თავდაცვის პრინციპი დაასახელა:

 

„ტოტალური თავდაცვა სამხედრო თავდაცვას, სამოქალაქო თავდაცვასა და საერთაშორისო თანამშრომლობას მოიცავს. ტოტალური თავდაცვის ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში, სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა გაიზრდება და მოწინააღმდეგეს არ ექნება ოკუპაციის განხორციელების საშუალება. „თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030“-ის მიზანია, შევქმნათ ჩვენი ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტურად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავდროულად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

 

 

big_banner
არქივი