logo_geo
საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად გაიხსნა
- +

26 ივლისი. 2021. 13:55

 

#AgileSpirit #StrengththroughPartnership მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე  სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება. Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

 

right_banner big_banner
არქივი