logo_geo
UNICEF-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

26 ივლისი. 2021. 18:10

 

 

2021 წლის 26 ივლისს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორი ღასან ხალილი ეწვია.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სტუმარს უნივერსიტეტის განახლებული ფოიე დაათვალიერებინა, ესაუბრა უნივერსიტეტის მისიასა და როლზე:

 

„სოხუმის უნივერსიტეტი თვისობრიობაა და ის უფრო მეტია, ვიდრე უნივერსიტეტი. მე მიხარია, რომ ზუსტად ასეთივე განცდა აქვთ საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა იყოს ის ხიდი და გზა, რომლითაც ერთმანეთს აფხაზები და ქართველები შეეგებებიან და საქართველოც გაერთიანდება“, – აღნიშნა რექტორმა.

 

საუბარი შეეხო საუნივერსიტეტო დიპლომატიასაც. აღინიშნა, რომ ამ იდეით უკვე დაინტერესდნენ სხვადასხვა სახელმწიფოების სახელისუფლებლო და აკადემიური წრეები. ხოლო აშშ-ში საგანგებო პროექტის განხორციელებასაც ფიქრობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, რისთვისაც აშშ-დან მალე სპეციალურ დელეგაციასაც ელოდება ჩვენი უნივერსიტეტი.

 

ამის შემდგომ UNICEF-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვა უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის დაფუძნებისა და გაძლიერების გზით. მხარეები გეგმავენ კოოპერაციას ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნასა და გავრცელებაში.

 

შეხვედრის ბოლოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და  საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გახსნეს ბავშვთა უფლებების კაბინეტი, რომლის სრული ტექნიკური („ჭკვიანი დაფა“, კომპიუტერები და ა.შ.) მოწყობა და შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფა UNICEF-მა განახორციელა.

 

„გმადლობთ, ბატონო რექტორო, უნივერსიტეტისა და თქვენი ინოვაციური იდეის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მოწოდებისათვის. ვიმედოვნებ, რომ ნაყოფიერ თანამშრომლობას დავუდეთ სათავე დღეს“, – აღნიშნა ბატონმა ღალილმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი