logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: თუ წესებს არ დავიცავთ, არ ჩავიტარებთ ვაქცინაციას, შეიძლება უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდეთ
- +

27 ივლისი. 2021. 21:42

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართება ონლაინ საჯარო დისკუსია თემაზე: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ტურიზმი საქართველოში.

 

ონლაინ საჯარო დისკუსიაზე პასუხები გაეცა მოსახლეობისათვის საინტერესო კითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი და როგორია სამომავლო პროგნოზები, სად გადაამოწმონ და მიიღონ სწორი ინფორმაცია ვაქცინაციის თაობაზე, როგორია პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქების პოლიტიკა,  პანდემიის პირობებში მოგზაურობა, შეზღუდვები და რეკომენდაციები.

 

დისკუსიას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა.

 

მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, მორიგი ვებინარი ტარდება და ამ ღონისძიების მიზანია კოვიდ-19-ის პანდემიაზე, ვაქცინაციის პროცესსა და ზაფხულის პერიოდში ტურიზმის სფეროში არსებულ რეგულაციებზე მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება.

 

 „რეალობა ისეთია, რომ კვლავ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ამ ფორმატში საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რათა მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია პანდემიაზე, ვაქცინაციაზე, ტურიზმის საკითხებზე, ასევე ვუპასუხოთ მოსახლეობის კითხვებს. ამჟამად სტუმარ-მასპინძლობის აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით,  ბევრი სტუმარია ქვეყანაში შემოსული და მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოთ გავიაროთ ეს გზა. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ  ეპიდვითარება უარესდება. დღეს საქართველოში ინფიცირების ნახტომისებური ზრდაც დაფიქსირდა, მაისის პიკს გადავაჭარბეთ და თუ წესებს არ დავიცავთ, არ ჩავიტარებთ ვაქცინაციას, არ გავუფრთხილდებით საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, საბოლოოდ კი ქვეყნის უსაფრთხოებას, შეიძლება უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდეთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ვითარება კონტროლირებადია და მოქალაქეებსაც ვაქცინებზე ფართო არჩევანი აქვს.

 

საჯარო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  ზაალ მიქელაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა. ონლაინ-დისკუსია სურდო თარგმანით მიმდინარეობდა.

 

 

 

ღონისძიება დაფინანსდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

 

 

big_banner
არქივი