logo_geo
კულტურის კომიტეტის წევრებმა თბილისში მდებარე სახლ-მუზეუმები მოინახულეს
- +

29 ივლისი. 2021. 21:15

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახლ-მუზეუმებს ეწვივნენ და სამუზეუმო სივრცეები მოინახულეს.

 

ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის წევრებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძისა და მამა-შვილის, კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმები დაათვალიერეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ მუზეუმების ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისთვის, მუზეუმებში დაცული სიძველეების მოვლა-შენახვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუზეუმებში ქართული კულტურისა და ისტორიის სიმდიდრე და სიამაყეა დაცული და მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანძურის მონახულების საშუალება დღევანდელ თაობებსაც ეძლევათ.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეთევან დუმბაძის შეფასებით, დღევანდელ მუზეუმებს მხოლოდ არქივის დანიშნულება აღარ აქვთ და იქ თანამედროვე მიდგომებია დანერგილი.

 

„მუზეუმი მაშინ არის ცოცხალი, როდესაც ის დამთვალიერებლებისთვის არის გახსნილი და როცა შეგიძლია თვალნათლივ დაინახო იმ დროის ეპოქა, ვის სახელსაც მუზეუმი უკავშირდება“, - აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

 

კომიტეტის წევრის, ხათუნა კვიციანის განცხადებით, მუზეუმების განვითარების ახალ მიდგომებს კომიტეტი სრულად იზიარებს და მხარდაჭერას უცხადებს.

 

„მივესალმებით, რომ დღეისათვის მუზეუმები მულტიფუნქციურ სივრცეებს წარმოადგენენ, რადგან იქ მისასვლელად მხოლოდ ერთი მიზეზი არ უნდა გვქონდეს. კომიტეტი ამ მიზნების მისაღწევად მუზეუმებს გვერდში დაუდგება“, - განაცხადა ხათუნა კვიციანმა.

 

 

big_banner
არქივი