logo_geo
რუსეთის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე ჰიმნის და დროშის გარეშე დარჩა
- +

1 აგვისტო. 2021. 01:57

 

 

ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი აიღო. ოლიმპიადა შარშან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო, მისი ჩატარება ერთი წლით გადაიდო. ამ ოლიმპიურ თამაშებში, რომლებიც წელს მართლაც სიმბოლურ, მსოფლიოს ერთიანობის დატვირთვას ატარებს,  ერთი კონკრეტული სახელმწიფოს 335 სპორტსმენისგან შემდგარი ნაკრები ასპარეზობს, რომელიც მსოფლიო რუკაზე არც კი იძებნება. ეს გუნდი ამ ოლიმპიადაზე მხოლოდ შეწყალების შედეგად მოხვდა და მას ОКР ჰქვია, მას არა აქვს სახელმწიფო ჰიმნი და არც თავისი სამშობლოს დროშას ააფრიალებს ამაყად. სპორტული სამყაროს მიერ გამოტანილი უპრეცედენტო სასჯელის შედეგია ის, რომ რუსეთის ნაკრები ასპარეზობს არა თავისი სახელმწიფოს სახელით, არამედ როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრები. თუმცა, მათ არც ამ მთლიანი სახელწოდების აფიშირება შეუძლიათ, ნებადართულია მხოლოდ აბრევიატურა ОКР-ის გამოყენება…ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრები  30 დისციპლინაში იასპარეზებს, თუმცა სპორტსმენებს აკრძალული აქვთ სიტყვა „რუსეთის“ ხსენება და რუსეთის დროშის დემონსტრირება, მას მხოლოდ ტრიბუნებზე ჟურნალისტები და მწვრთნელები თუ შეიტანენ, დანარჩენ შემთხვევებში კი, რუსული ტრიკოლორის აღმართვა სპორტულ ობიექტებზეც და შეჯიბრებების დროს აკრძალულია. რაც შეეხება ჰიმნს, მისი გამოყენების უფლებაც წართმეული აქვთ, ამიტომ რუსი სპორტსმენების გამარჯვებების შემდეგ დაიკვრება ფრაგმენტი ჩაიკოვსკის „კონცერტიდან ფორტეპიანოსთვის ორკესტრით #1“. თავიდან კრემლს სურდა, ჰიმნი ყველასთვის ცნობილი „კაწიუშათი“ ჩაენაცვლებინათ, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს.

 

 

ამგვარად სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო მსოფლიო ოლიმპიადებზე, ფსკერზე აღმოჩნდა, რაც არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი-ეს უპრეცედენტო სასჯელი რუსულ სპორტს, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ დააკისრა- რუსეთის ფედერაციას 4 წლით საერთოდ აეკრძალა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება და ასევე თავის ტერიტორიაზე მათი გამართვა, თუმცა შარშან სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ეს განაჩენი შეარბილა, თუმცა კონკრეტული პირობებიც დატოვა, მათ შორის 2022 წლამდე  ოლიმპიურ თამაშებში ჰიმნის, დროშის გარეშე, მხოლოდ ნეიტრალურ სტატუსში გამოსვლა. ОКР–ის დროშით და ემბლემით რუსები პეკინის ოლიმპიადაზეც გამოვლენ.

 

და რა გახდა ასეთი მასშტაბური სასჯელის მიზეზი, რომლის ანალოგიც მსოფლიო სპორტს არ ახსოვს? ამ დისკვალიფიკაციის მიზეზი ის დოპინგ სკანდალია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 2014 წელს იღებს. რუსეთი,  სოჭის ოლიმპიადის განმავლობაში სახელმწიფო დონეზე დოპინგ პროგრამის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ მოსკოვის ლაბორატორიაში 2012 წლიდან ათასობით რუსი სპორტსმენის სინჯების ფალსიფიკაცია მოხდა, მათი მონაცემები მათ სასარგებლოდ იყო შეცვლილი, ეს კი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა. მას მერე რაც ეს გაირკვა, უამრავ რუს სპორტსმენს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს, ოლიმპიური და სხვა მედლებიც ჩამოართვეს, რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს კი ლიცენზია შეუჩერეს.

 

 

მართალია, დოპინგის გამოყენება ნებით თუ უნებლიეთ ყველა სხვა ქვეყნების სპორტსმენების შემთხვევაშიც ხდებოდა და ხდება, თუმცა არასოდეს მომხდარა, რომ ამ საქმის ჩაფარცხვას, მონაცემების გაყალბებას, მანიპულაციებს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ცდილობდა. როგორც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) პრეზიდენტმა ვიტოლდ ბანკამ აღნიშნა, „რუსეთში არსებული დოპინგ კრიზისი ყველაზე სკანდალური და აღმაშფოთებელი მოვლენაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში“. აღსანიშნავია, რომ რუსული ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორი იური განუსი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რუსეთის სპორტის ღირსება შეენარჩუნებინა, ის ვლადიმერ პუტინს ღია წერილებს სწერდა, მიმართავდა სპორტის მინისტრს, კრემლის ჩინოვნიკებს, სთხოვდა მომხდარიყო დანაშაულის აღიარება და მსოფლიო სპორტის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით პრობლემა მოგვარებულიყო. თუმცა, მას მერე რაც მან ხმა ამოიღო, მასზე თვალთვალი,  მისი „გაშავება“, კორუფციაში მხილება და რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება დაიწყეს. საბოლოოდ, რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კრიზის მენეჯერად აღიარებული ადამიანი, პოსტიდან გაუშვეს. მსოფლიო კი კვლავ რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულეს.

 

ახლაც კი, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რუსი სპორტსმენები კვლავ დოპინგ-კონტროლს ვერ გადიან. ცნობილი გახდა, რომ ნიჩბოსნების მორგაჩოვის და სორინის სინჯებში მელდონიუმი აღმოაჩინეს. ეს სპორტსმენები ოლიმპიადიდან უკვე მოხსნეს.

 

როგორც ჩანს, რუსმა სპორტის მესვეურებმა კვლავ ვერ გაიგეს თუ რას ნიშნავს პატიოსანი თამაშის წესები,  ისინი სპორტსმენებს სულ სხვა ინსტრუქტაჟს უწევენ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ტოკიოში ჩასულმა რუსმა სპორტსმენებმა ოფიციალურად მიიღეს თავისი ქვეყნისგან მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ „პროვოკაციების“ შემთხვევაში. მაგალითად, ყველაზე მარტივ გამოსავლად შეთავაზებულია პასუხი „No comment”, მაგრამ არსებობს უკვე მომზადებული პასუხებიც. ასე, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების შესახებ კითხვებზე უმჯობესია პასუხის გაცემა შემდეგნაირად-„სპორტი პოლიტიკის მიღმაა“. დოპინგ სკანდალის თემაზე, რუსმა სპორტსმენმა უნდა უპასუხოს, რომ „არაფრის თქმა არ შეუძლია, რადგან ამაში მონაწილეობა არ მიმიღია“ და ასე შემდეგ. როგორც გამოცემა „ვედომისტი“ წერს, ინსტრუქციები პოლიტინფორმაციით, რუსეთისთვის ახალი პრაქტიკაა, ამაზე უფრო მკაცრი მიდგომა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს იყო, როცა სპორტსმენების დელეგაციებს KGB-ს თანამშრომლები დაყვებოდნენ.

 

და ბოლოს, საინტერესო იქნებოდა იმ სიტყვების გახსენება, რომელიც თქვა იური განუსმა, რომლის პოსტიც რუსული სპორტის პატიოსან გზაზე დაყენებას შეეწირა. „ეს ტრაგედიაა. ტრაგედია. შენი სპორტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გქონდეს…საშინელებაა, გესმით? როდემდე შეიძლება იმ შენს გოგო-ბიჭებს ასეთ შეურაცხყოფას აყენებდე, რომლებიც მთელ თავის ცხოვრებას სპორტს უძღვნიან?

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი