logo_geo
საქართველოში შესაძლოა, კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოვიდეს
- +

31 აგვისტო. 2021. 14:05

 

მომდევნო 3-4 კვირაში, შესაძლოა, საქართველოში კოვიდის სამკურნალო ახალი პრეპარატი შემოვიდეს, რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული და საერთაშორისო კვლევებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის კითხვის პასუხად, კონკრეტული მედიკამენტის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ ჯანდაცვის უწყება მუშაობს ქვეყანაში მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული პრეპარატის შემოტანაზე.

 

„ბოლო პერიოდში აქტიურდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება. FDA-მ, ასევე ევროპის მარეგულირებელმა მიანიჭა ავტორიზაცია რამდენიმე მწარმოებლის მონოკლონურ ანტისხეულებს. ჩვენ ვმუშაობთ მათთან, რომ რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა მოხდეს საქართველოში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის კითხვის პასუხად.

 

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტები მსუბუქ პაციენტებში, ამბულატორიულ პირობებშიც კი გამოიყენება, თუმცა პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია.

 

„ვფიქრობთ, მომდევნო 3-4 კვირაში ამ მიმართულებით გვექნება გარკვეული პროგრესი. ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა ვმუშაობთ, რომ შეღავათიან ფასად შემოვიდეს საქართველოშიც“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ცნობისთვის: ევროკავშირმა, გაერთიანებული სამეფომ, აშშ-მ, კანადამ, იაპონიამ, ინდოეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მედიკამენტი „Ronapreve“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად ოფიციალურად დაამტკიცა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი