logo_geo
თამაზ გაიაშვილი: „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავები ტექნიკურად ყოველთვის გამართულია, ქართველი მფრინავები კი მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ
- +

6 სექტემბერი. 2021. 14:08

 

"გუშინ ავიარეისზე თბილისი-ვენა მომხდარ ინციდენტს მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ისეთ ინტერპრეტაციას აძლევს თითქოს ეს იყო ავარიული სიტუაცია, რომელსაც შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა", -  ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

 

მისივე თქმით, „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავები ტექნიკურად ყოველთვის გამართულია.

 

"გუშინ, 5 სექტემბერს, ავიარეისზე თბილისი-ვენა მომხდარ ინციდენტს მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ისეთ ინტერპრეტაციას აძლევს თითქოს ეს იყო ავარიული სიტუაცია, რომელსაც შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. როგორც ჩანს, გარკვეულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ წრეებს ეს გაახარებდა კიდეც, რადგან წინასაარჩევნო რიტორიკაში ამ ფაქტის მათთვის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდებდნენ. მათ, ვინც სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას აგებს, იმედი უნდა გავუცრუო. „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავები ტექნიკურად ყოველთვის გამართულია, ქართველი მფრინავები კი მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ეკიპაჟმა დაიწყო შასის აკეცვა, რა დროსაც გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზი - სიგნალიზატორი აძლევდა არასწორ ინდიკაციას, რომ შასი არ არის აკეცილი. ეკიპაჟს ჰქონდა ორი ვარიანტი: განეგრძო ფრენა დანიშნულების ადგილამდე, ან დაბრუნებულიყო უკან და დაშვებულიყო თბილისის აეროპორტში. ეკიპაჟმა იმოქმედა ინსტრუქციის შესაბამისად და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, გარკვეული დროით დარჩენილიყო ჰაერში, დაეწვა საწვავის განსაზღვრული რაოდენობა და დაშვებულიყო თბილისის აეროპორტში, რაც ასე მოხდა. ავიაკომპანიის საინჟინრო-ტექნიკურმა სამსახურმა ხარვეზი 15 წუთში გამოასწორა. შეიცვალა სიგნალიზაციის მაჩვენებელი ბლოკი, რის შემდეგ თვითმფრინავი 167 მგზავრით გაფრინდა და უსაფრთხოდ ჩაფრინდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. თვითმფრინავი გუშინვე ჩამოფრინდა თბილისში. „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის მგზავრებს მათთვის მიყენებული დისკომფორტის გამო. P. S. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წელს სამჯერ დაუფიქსირდა „აეროფლოტს“. სხვა და სხვა ავიაკომპანიებს („თურქიშ ეირვეისი“, „ლუფთჰანზა“ და სხვ.) ასჯერ მეტი ასეთი შემთხვევა ჰქონიათ",- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი