logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია
- +

16 სექტემბერი. 2021. 19:21

 

საქართველოსს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის კამპანიის „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. განიხილეს  ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობაც. მინისტრმა პანდემიის დასრულებისთვის, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმუნიზაციის პროცესში სოფლის  ექიმების როლი გამოყო.

 

ღონისძიებას 50-მდე სამედიცინო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

„ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მასშტაბით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობს. სამეგრელოში ვაქცინირებულია მოსახლეობის 11%. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ მიზნით ვიმყოფებოდი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გააქტიურებაც და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და განმარტა, რომ ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

 

უწყების ხელმძღვანელმა 60 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. რაც შეეხება მეხუთე ტალღას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები არის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. ძირითადი რისკის მატარებლები არიან 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები. მათი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში მათ კლინიკა და რეანიმაცია ესაჭიროებათ. მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანია „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის“ მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება. ვაქცინაციის კამპანიის გამართული საინფორმაციო შეხვედრები მოიცავს ყველა რეგიონს და „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. კამპანია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.

 

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ეკატერინე ტკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც აღინიშნა, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.

 

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული. სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

 

 

big_banner
არქივი