logo_geo
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
- +

18 სექტემბერი. 2021. 00:36

 

 

საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

 

ანგარიშში მიმოხილულია არჩევნების წინ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მათი დადებითი და უარყოფითი ასპექტები. კერძოდ, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული

საარჩევნო კომისიების შემადგენლობისა და დანიშვნის წესის შეცვლა, ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტის შემოღება, დავების გადაწყვეტის ვადების გახანგრძლივება, სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხელახალი დათვლის შემოღება და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

 

ანგარიშში ასევე წერია, რომ 2 სექტემბრიდან, საუბნო საარჩევნო კომისიებში საჯარო შემოწმებისთვის, გამოქვეყნებულია ამომრჩეველთა სიები, ხოლო ODIHR EOM–ის თანამოსაუბრეების უმეტესობას არ გამოუთქვამს წუხილი ამომრჩეველთა სიის სიზუსტესთან დაკავშირებით. ასევე, ODIHR EOM–ის მიერ არჩევნების სუბიექტებთან საუბრისას, უმეტესობას არ გამოუხატავს უკმაყოფილება კამპანიის, მათ შორის, უმცირესობათა ენებზე თავისუფლად წარმოების შესაძლებლობის შესახებ.

 

ანგარიშის მიხედვით, მედია გარემო არის მრავალფეროვანი. მოქალაქეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე არჩევნებში მონაწილე მხარეების წარმომადგენლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ მთელ საარჩევნო პროცესს. დღეისთვის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად რეგისტრირებულია 64 ეროვნული და 29 საერთაშორისო ორგანიზაცია.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 28 ივნისის ცვლილებებმა შეცვალა ყველა კომისიის შემადგენლობა, ასევე ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევნების წესი. ეს მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის გაზრდას უფრო დაბალანსებული წარმომადგენლობის გზით. კომისიები ახლა ყველა დონეზე 17 წევრისგან შედგება: რვა უპარტიო და ცხრა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრი. ცესკო-ს ოთხი წევრი ქალია.

 

ნეგატიურ ასპექტებს შორის აღნიშნულია, რომ ანტი-ჩამკეტი მექანიზმის გამოყენება იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, კონსენსუსზე დამყარებული საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ასევე, ODIHR EOM-თან რამდენიმე თანამოსაუბრემ, პოლიტიკური ლანდშაფტი აღწერა, როგორც უაღრესად პოლარიზებული, ხოლო დისკურსი აგრესიული, რომელიც მოიცავს დეზინფორმაციული სახის ხშირ ბრალდებებს. ODIHR EOM–თან შეხვედრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ განაცხადა, რომ პოლიტიკური გარემო მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებს, მათ გამოხატეს შეშფოთება, რომ მთავრობის მიერ არაერთი სოციალური და ეკონომიკური პროექტის ბოლოდროინდელი წამოწყება კიდევ უფრო ართულებს საკითხს. მათი თქმით, კანონი კრძალავს სოციალური და ეკონომიკური პროექტების წამოწყებას არჩევნების დღის დანიშვნის შემდგომ, თუმცა მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტები არჩევნების ოფიციალურ დანიშვნამდე დაიწყო.

 

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზებით. მერობის და საკრებულოს კანდიდატები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც არიან, თუმცა არა ყველა უმცირესობით დასახელებულ საარჩევნო ოლქში. ქალები, ზოგადად ნაკლებად არიან წარმოდგენილნი საჯარო ოფისებში და იკავებენ პარლამენტში ადგილების 19,3%-ს, ადგილობრივ ორგანოებში - 15.5%-ს, ხოლო მთავრობაში - 13 მინისტრიდან 4 მინისტრი არის ქალი.

 

big_banner
არქივი