logo_geo
NATO-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში
- +

23 სექტემბერი. 2021. 17:35

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით NATO-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს არსებული პროფესიული სამხედრო განათლების მიმოხილვა, NATO-საქართველოს შორის თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და საქართველოს საჭიროებების შესაბამისად თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

 

NATO-ს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ამოცანით მართვის მიდგომის დანერგვასა და ამ მიმართულებით NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

ვიზიტის ფარგლებში NATO-ს დელეგაციამ შეხვედრები გამართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებთან, სადაც ადგილზე გაეცნენ სამაგისტრო და დისტანციური სწავლების პროგრამებს. სამუშაო შეხვედრები ასევე, გაიმართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, უმაღლეს სამეთაურო სკოლაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში.

 

NATO-ს დელეგაციის წევრებმა ადგილზე შეაფასეს სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობები და არსებულ აკადემიურ პროცესებსა და სასწავლო პროგრამებს, პროფესიული სამხედრო განათლების ინსტიტუტების სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებს გაეცნენ.

big_banner
არქივი