logo_geo
მეჰმედ აგჩა და იოანე პავლე II – პაპის მკვლელობის მცდელობა და პატიება
- +

23 სექტემბერი. 2021. 19:23

 

 

 

1981 წლის 13 მაისს, ოთხშაბათს, მეჰმედ ალი აგჩამ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე იარაღი ამოიღო და რომის პაპს, იოანე პავლე II-ს ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ პაპის მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან მან ოთხი ჭრილობა მიიღო მუცლის არეში, მაინც გადარჩა. ინციდენტის შემდეგ პაპმა ხალხს მოუწოდა: „ილოცეთ ჩემი ძმისთვის… რომელსაც მე გულწრფელად ვაპატიე“.

 

1983 წელს პაპი აგჩას ციხეში ესტუმრა და მათ პირისპირ ისაუბრეს. იოანე პავლე II-მ თან წაიყოლა ფოტოგრაფი და ოპერატორები, რადგან სურდა, ეს პატიება სიძულვილით სავსე სამყაროსთვის ეჩვენებინა.

 

როდესაც პაპი საკანში შევიდა, აგჩა წვერგაპარსული და მოწესრიგებული დახვდა. ის პაპს ხელზე ემთხვია.

 

„იტალიურად საუბრობ?“ – ჰკითხა მას პაპმა.

 

აგჩამ თავი დაუქნია.

 

21 წუთის განმავლობაში ორი კაცი საკნის კუთხეში, ერთმანეთთან ახლოს, პლასტმასის სკამზე იჯდა და საუბრობდა.

 

დამშვიდობებისას მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. პაპის გასვლის შემდეგ, კამერამ აგჩას სახეზე აღბეჭდილი გაურკვევლობა დააფიქსირა. ალბათ, ფიქრობდა, რომ ის მთელ დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებდა იმ ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის, რომელსაც არ იცნობდა და რომელიც ახლა მასთან მეგობრად მივიდა.

 

1981 წელს აგჩას იტალიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2000 წელს, პაპის თხოვნით, იტალიის მე-10 პრეზიდენტმა, კარლო აძელიო ჩამპიმ შეიწყალა. შემდეგ მისი ექსტრადირება მოხდა თურქეთში, სადაც 1979 წელს მემარცხენე ჟურნალისტის, აბდი ეფექჩის მკვლელობისა და 1970-იან წლებში ბანკზე განხორციელებული ორი თავდასხმისთვის დააპატიმრეს. 2004 წლის ნოემბერში, ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნის მიუხედავად, თურქეთის სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა 2010 წლამდე.

 

მიუხედავად ამისა, იგი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს 2006 წლის 12 იანვარს, თუმცა, 2006 წლის 20 იანვარს თურქეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიის ციხეში გატარებული დრო არ უნდა გამოქვითულიყო მისი თურქული სასჯელიდან და აგჩა ისევ ციხეში დააბრუნეს. საბოლოოდ, პატიმრობიდან ის 2010 წლის 18 იანვარს გათავისუფლდა – თითქმის 30-წლიანი პატიმრობის შემდეგ.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი