logo_geo
ზურაბ ხონელიძე: 27 სექტემბერი ოკუპაციის მსხვერპლთა საერთაშორისო დღედ უნდა დასახელდეს
- +

27 სექტემბერი. 2021. 16:07

 

2021 წლის 27 სექტემებერი. 28 წელი გვაშორებს 1993 წლის ტრაგიკული 27 სექტემბრიდან, როდესაც 13 თვისა და 13 დღის უთანასწორო, მაგრამ თავდადებული და გმირული ბრძოლების შემდეგ, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი – სოხუმი – დაეცა. 30 სექტემბერს კი აფხაზეთის ოკუპაცია დასრულდა.

 

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები, რექტორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით, ტრადიციულად შეიკრიბნენ გმირთა მოედანზე და პატივი მიაგეს სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის დაცემულ გმირთა ხსოვნას.

 

 მემორიალთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გააჟღერა უაღრესად საინტერესო და აქტუალური იდეა: „27 სექტემბერი. სოხუმის ოკუპაციის დღეოკუპაციის მსხვერპლთა საერთაშორისო დღედ დასახელდეს“.

 

 როგორც რექტორმა აღნიშნა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მუშაობს შესაბამისი წინადადების მოსამზადებლად, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას წარედგინება, რადგან სწორედ ამ მაღალ საერთაშორისო ორგანოს გააჩნია ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა.

 

 27 სექტემბრის როგორც ოკუპაციის მსხვერპლთა საერთაშორისო დღედ გამოცხადება იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეს აქტი, ასევე, კიდევ ერთხელ მიიპყრობს მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღებას საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიებისადმი, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად.

right_banner big_banner
არქივი