logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: რა გავაკეთოთ, ყველა პატიმარი, ვინც კი შიმშილობას დაიწყებს, გარეთ გავუშვათ?
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:41

 

„შიმშილობის გამო სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით თითქოსდა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, არასწორია - რა გავაკეთოთ, ყველა პატიმარი, ვინც კი შიმშილობას დაიწყებს, გარეთ გავუშვათ?!“ - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ მისი ჯანმრთელობა გაუარესდება, მას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

 

„ვალდებულება, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი პატიმარი სააკაშვილი, რასაკვირველია, ეკისრება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ეს უდავოა, ამაზე კამათი არ შეიძლება, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ შიმშილობის გამო, ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითქოსდა პარტიამ, ეს არასწორია. მას გაეწევა სამედიცინო მომსახურება. რა გავაკეთოთ, ყველა პატიმარი, ვინც კი შიმშილობას დაიწყებს, უნდა გავუშვათ გარეთ?! არ მგონია, სწორი იყოს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მიერ ღარიბაშვილისთვის შეთავაზებულ „ჩელენჯს“ და აღნიშნა, რომ „ჩელენჯებისა და თამაშებისთვის დრო არ არის“.

 

„მითუმეტეს, როცა სერიოზულ თემებს ვეხებით, ასეთი არასერიოზული თემებით ყურადღების გაფანტვა არაა სწორი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი