logo_geo
NATO-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში იმყოფება
- +

7 ოქტომბერი. 2021. 17:37

 

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი, ახალი თავმჯდომარის ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ. როგორც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე NATO-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

 

ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ  გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც თავდაცვის ძალების  საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.

 

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

 

 

big_banner
არქივი