logo_geo
რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
- +

8 ოქტომბერი. 2021. 00:44

 

„იუსტიციის მინისტრი ისრაელში ვიზიტს აგრძელებს. დღის ბოლოს რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, ომერ ბარლევს შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, ციხეებში კოვიდ-19 ის გავრცელების წარმატებული პრევენცია, არასრულწლოვნთა რეფერირების ცენტრები - ეს საკითხები განიხილა რატი ბრეგაძემ ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრაზე.

 

რატი ბრეგაძემ უწყების სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც მცირე ზომის დაწესებულებების აშენებას, პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომის განმტკიცებასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს ეხება. შეხვედრაზე ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.

 

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება.

 

რატი ბრეგაძე დილიდან შეხვედრებს მართავს ისრაელის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პირველი შეხვედრა მას ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან ჰქონდა. მხარეებმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტური მმართველობის, თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

 

მოგვიანებით რატი ბრეგაძეს ისრაელის შს მინისტრმა აიალეტ შაკედმა უმასპინძლა, რომელმაც საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ოფისიც დაათვალიერებინა.

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ესწრება.

 

 

right_banner big_banner
არქივი